პარლამენტარი ტარიელ ნაკაიძე ხულო-ზარზმის 50 კილომეტრიანი გზის შეკეთების შესახებ საუბრობს, მისი თქმით, მოსახლეობას დაპირებებს გზის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით 2015 წლიდან უშედეგოდ აძლევენ. ამის შესახებ სახმრეთის კარიბჭე წერს.
„საუბარი მაქვს 50 კილომეტრიანი გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთზე, ირაკლი ღარიბაშვილი 2015 წლის აგვისტოს, აჭარაში შუამთობის ტრადიციის დროს გვპირდება, რომ ხულო-ადიგენის გზის პროექტზე მუშაობა უკვე დასრულებულია სამშენებლო სამუშაოები კი მომავალი წლიდან დაიწყება.
2017 წელს იგივე თვეში აგვისტოს თვეში პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გვეუბნება: ხულო-ზარზმის მიმართულებით გზის მშენებლობა უახლოეს დღეებში და არა წლებში დაიწყება. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ჩვენ მაღალმთაინ აჭარაში განვახორციელებთ.
ასევე, 2017 წლის აგვისტოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ამბობს: ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ბეშუმის მიმართულებით გზის მშენებლობაა.
2017 წლის ბოლოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბრძანებს: ხულო-ზარზმის მონაკვეთის სამუშაოები 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყება. 2018 წელს პარლამენტის ვიცე-სპიკერი აჭარიდან ილია ნაკაშიძე გვეუბნება: იწყება ხულო-ზარზმის 47 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა.
2019 წელს კიდევ აგვისტოს თვეში გვეუბნება ბატონი თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე: ხელისუფლება ცდილობს კომპანიასთან მიაღწიოს შეთანხმებას, რათა გზის მოწესრიგება უახლოეს მომავალში დასრულდეს.
რა სამწუხაროა, რომ გუშინ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის წარმომადგენელი გვპასუხობს, რომ: ხულო-ზარზმის 45 კილომეტრიანი გზა დასრულდება 2023 წელს. მე ვფიქრობ ესეც ამ სამწუხარო ტყუილების რიგში უნდა ჩავწეროთ“, – აცხადებს ნაკაიძე.
ის იხსენებს, რომ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ხულო-ზარზმის გზა იყო ერთადერთი, საიდანაც შეიძლებოდა აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს კავშირი.