წყლისა და ტრანსპორტის გარეშე დარჩენილი სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში

557

ორგორას მცხოვრებლების თქმით, სოფელში წლებია სარწყავ–სასმელი წყლის პრობლემა და ახლა უკვე პანდემიის პერიოდში შეჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ არსებობა აწუხებთ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორგორაში სარწყავი და სასმელი წყლის დეფიციტის გამო მოსახლეობა ნაკვეთებს ვერ რწყავს, სასმელ წყალს კი სოფლის ცენტრში არსებული წყაროდან, ეზიდება.

ადგილობრივების თქმით, ორგორაში 50–მდე კომლი ცხოვრობს. ნათესების მცირე ნაწილს ისინი სოფელში არსებული ხევის წყლით, რიგრიგობით რწყავენ, თუმცა ზაფხულის ცხელი დღეების დადგომასთან ერთად ხევში წყალი შრება და სოფლის მცხოვრებლები ამინდის იმედად რჩებიან.

„წყალი არ არის სოფელში! ნათესებისთვის კი არა, სასმელადაც არ გვყოფნის. სარწყავი წყალი რომ არ გვაქვს ხანდახან ხევის წყლის რიგში ვდგებით და ვითომ ვრწყავთ ნათესებს, მაგრამ ერთი პატარა წყარო რას ეყოფა სოფელს?! ზაფხულში, სიცხისას, ხევიც შრება ხოლმე და ეგ წყალიც აღარ გვრჩება. ამიტომ მოსავალიც არ გვაქვს ბევრი. აბა უწყლოობაში რა ამოვა?! წვიმის ამარა ვართ“, –  ამბობს ინგა კურტანიძე.

წყლის პრობლემაზე საუბრობს ორგორის მკვიდრი არსენ წამალაიძეც.

„სასმელ წყალს წყაროდან ხელით ვზიდავთ სახლებში. სასმელად ასე თუ ისე გვყოფნის, მაგრამ სარწყავად არა. ხევის წყლით ნერგი თუ მოვრწყეთ 3–4 კვალი, თორემ ეს წყალი რაში გვეყოფა?! ალალ ბედზე თუ იწვიმა, მაშინ გვაქვს მოსავალი. გლეხს აქ სულ ყველაფერი უჭირს, მაგრამ დამხმარე ვინ არის?!“ – ამბობს ადგილობრივი, არსენ წამალაიძე.

სოფელ ორგორის სოფლის პრობლემებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ არსებობაც ემატება. სოფელში არც მაღაზია არაა. აქ მცხოვრებლებს რაიმე საჭიროების დროს, მაგალითად საკვები ან რაიმე საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენის სურვილის შემთხვევაში, ქალაქში ჩასვლა უჭირთ, განსაკუთრებით მათ, ვინც საკუთარ ავტომობილს არ ფლობს.

სოფლის მკვიდრები ამბობენ, რომ ხანდახან სოფელში გადამყიდველები ამოდიან მანქანით, რომლებიც გარკვეულ პროდუქტს ყველზე ან სხვა პროდუქტზე ცვლიან, თუმცა ეს ვერ აგვარებს პრობლემას.

„ერთ  წელზე მეტია ტრანსპორტი აღარ დადის სოფელში. კვირაში ორჯერ დადიოდა და ახლა ეგეც აღარ არის, ვერსად დავდივართ. შემოსავალი ცოტა გვაქვს. მაღაზიაც კი არ გვაქვს სოფელში. რამე როცა გვჭირდება ხოლმე, ამოდიან მანქანით გამყიდველები და ყველს ვცვლით იმ პროდუქტზე, რაც გვჭირდება, მაგრამ ყველსაც არ აქვს ფასი“,– ჰყვება ორგორის მკვიდრი ნაზიბროლა ზაზაძე.

ტრანსპორტის საჭიროებას უსვამს ხაზს ორგორის ერთ–ერთი მკვიდრიც და ამბობს, რომ მის შვილს სამსახურის მიტოვება იმის გამო მოუხდა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის გამო მას გადაადგილება საკუთარი ავტომობილით უხდებოდა. მისი ხელფასის უდიდესი ნაწილი კი საწვავის ყიდვას ხმარდებოდა. იგი აღნიშნავს, რომ სოფლად ფინანსური შემოსავლის არ ქონის გამო, მათ ხშირად საბანკო მაღალპროცენტიანი სესხის აღებაც უხდებათ.

„ყველაფერი გაძვირდა და გლეხის პროდუქტის ფასმა დაიკლო პირიქით. შემოსავალი აქ მარტო პენსია გვაქვს და რძეს თუ ჩავაბარებთ და ავიღებთ ორ კაპიკს ის. აქედან ავტობუსი არ დადის. ჩემმა შვილმა ახალციხეში, ბანკში დაიწყო მუშაობა, მაგრამ საკუთარი მანქანის ბენზინის ხარჯზეც არ ჰყოფნიდა ხელფასი და დატოვება მოუწია სამსახურის. აბა რა აზრი ჰქონდა იქ მუშაობას? სოფელში დალხენილი არავინ არის, ყველას უჭირს. კრედიტს ვიღებთ და მაგაზეც ათმაგი პროცენტებია. იმასაც ვერ იხდი. ლომბარდიც გვაქვს, საპენსიო სესხიც და ბანკის სესხიც. აბა რა ვქნათ?! ადრე მეზობელს მაინც სთხოვდი და გასესხებდა რამეს. ახლა ვერავის სთხოვ. ყველა გაჭირვებულია“, – ამბობს ორგორის მკვიდრი.

სოფელ ორგორაში, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, გივი ჩოხელის განცხადებით, იგი გაცნობილია სოფლის აღნიშნულ პრობლემებს, თუმცა მოგვარების გზის პოვნა ზოგ შემთხვევაში რთულია. მისი თქმით, მოსახლეობას თავად არ სურს სასმელი წყლის წყაროს დაქსელვა და კერძო სახლებამდე მიყვანა, რადგან წყაროსთან არსებული ავაზანი, რომლითაც ოჯახები პირუტყვს ასმევენ წყალს, სწორედ აქედან ივსება. რაც შეეხება სარწყავ წყალს, გივი ჩოხელის თქმით, სოფელს არ აქვს წყლის რესურსი, რისი გამოყვანაც შეიძლება მოხდეს და მისი სარწყავად გამოყენება.

„სოფელში ყველაფერია საჭირო. არ ვართ ჩვენ დალხენილი სოფელი. ჩვენი სოფელი ძირითადად მესაქონლეობით ვართ დაკავებული. მოსახლეობს თავად არის წინააღმდეგი, რომ  სოფლის ცენტრში არსებული სასმელი წყლის წყაროს დანაწილება მოხდეს და ეზოებში შეყვანა, რადგან წყაროსთან საქონლის საწყურებელი დგას, რომელსაც ხშირად იყენებენ. სარწყავი წყალი ბუნებაზეა დამოკიდებული. პრობლემა რომ მოგვარდეს, ამას სჭირდება პროექტი, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, მაგალითად თუ საგუბარი გაკეთდება, თორემ სხვა ალტერნატივა აქ არ არის. ტერიტორიაც ცოტა მეწყრული ზონაა. შესწავლაა საჭირო“, – აცხადებს გივი ჩოხელი „სამხრეთის კარიბჭესთან“.

მისივე თქმით,  სოფლის მხარდაჭერის პროექტების ფარგლებში, ადგილობრივებმა მიმდინარე წელს სანიაღვრე არხის მოსაპირკეთებელი პროექტი აირჩიეს. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტის არ არსებობას, გივი ჩოხელის ინფორმაციით, მგზავრების სიმცირის და პანდემიის პერიოდის გამო, მიმოსვლის გაუქმების გადაწყვეტილება თავად იმ კერძო პირმა მიიღო, ვინც ფლობდა ტრანსპორტს.

„წელს ერთ უბანში ორგორის მცხოვრებლებმა აირჩიეს უკვე არსებული სანიაღვრე არხისთვის დაახლოებით 150 მეტრიანი მონაკვეთის მიმატების პროექტი. პატარა სოფელი რომ ვართ, ამის გამო 10 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა ასპინძის მუნიციპალიტეტმა დაამატა თანხა და 20 ათას ლარამდე ბიუჯეტის პროექტი შემუშავდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი, რაც პანდემია დაიწყო, მას შემდეგ შეჩერდა და აღარ უვლია. მოსახლეობაც ნაკლებად დაჰყვებოდა და ამიტომ აღარ არის ახლა“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ორგორაში, გივი ჩოხელი.

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორაში, ადგილობრივების თქმით, 150–160 ადამიანი ცხოვრობს. სოფელში არსებული პრობლემები დღემდე მოუგვარებელია, რაც ისედაც გაზრდილ სოფლიდან ქალაქში მიგრაციას და სიდუხჭირეს ერთიათად ზრდის.