„საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ და ამ ანგარიშთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება მოისმინეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე.
ბიუჯეტის შესრულების ძირითადი პარამეტრებსა და ტენდენციებზე ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა.
კაკაურიძის თქმით, გასული წლის განმავლობაში ჯამში 4 მლრდ 500 მლნ ლარზე მეტის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება განხორციელდა.
„ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბიუჯეტის ათვისების კუთხით არის გამორჩეული, რომელსაც დაგეგმილი ბიუჯეტის 120%-იანი შესრულება ჰქონდა. ყველა ის სისტემური პროექტი რომელიც დაგეგმილი იყო საკმაოდ წარმატებით და დროულად განხორციელდა“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ამასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა სხდომაზე ბიუჯეტის ათვისებასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
„ჩვენ შევძელით არა მხოლოდ აგვეთვისებინა დაგეგმილი ბიუჯეტი არამედ, გადაჭარბებითაც შეგვესრულებინა. გასულ წელთან შედარებით 81 მლნ ლარით მეტის ათვისება მოვახდინეთ. აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად, არც ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი არ შეჩერებულა. მთელი წლის განმავლობაში დაახლოებით 6000 პროექტი მიმდინარეობდა“, – განაცხადა მზია გიორგობიანმა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელმა ცოტნე ქარქაშაძემ, ძირითადად ანგარიშში ასახულ საინვესტიციო პროექტების დაბალ ათვისებაზე და გადასახდელ ვალდებულებებზე ისაუბრა. სწორედ დაგვიანებულ პროექტებთან დაკავშირებით სხდომაზე დისკუსია გაიმართა.
დეპუტატ, გიორგი ვაშაძის თქმით, იმის გამო, რომ გარკვეული პროექტები დროულად არ დაიწყო სახელმწიფოს 3,5 მლნ ლარზე მეტის გადახდა უწევს.
კომიტეტის თავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, საშუალოდ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს წყლის პროექტებში.
„უმძიმესი წელი გავიარეთ და ამის ფონზე ის შესრულებები, რომელიც გვაქვს, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან, იყო ძალიან მაღალი. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, საშუალოდ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს წყლის პროექტებში, ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი თანხა. ხორციელდება რამდენიმე პროექტი, რომელთა მასშტაბები მართლაც გამაოგნებელია. ხშირ შემთხევაში, ბევრ პროექტზე ობიექტური მიზეზების გამო არის ჩამორჩენა. ასევე, არის სუბიექტური მიზეზებიც და ამას უნდა აღმოფხვრა“, – განაცხადა სუბარმა.