პრობლემები მომთაბარე მწყემსებსა და ასპინძის მოსახლეობას შორის ცხვარ-ძროხის გატარებაზე

619

ტოლოშის მოსახლეობამ, სოფლის გზაზე კახელ მწყემსებს ასობით ცხვარ-ძროხის გატარების უფლება კვირას დილით, 6 ივლისს მისცეს. შეთანხმების თანახმად ეს ბოლო ჯგუფია, რომელიც მათ სოფელზე გაივლის. ამის შესახებ კახეთის კარიბჭე წერს.

„რაც ჰყავდათ მოყვანილი, ის გავატარებინეთ, არ გვინდოდა გზა გადაკეტილიყო, 05:00 საათზე წაიყვანეს. რაც შეეხება სოფლის გზების მორეცხვას, მანქანები გუშინ საღამოს მოიყვანეს და ელოდებოდნენ ცხვარ-ძროხის გატარებას, ალბათ უკვე დაიწყებენ დასუფთავებას“, – აცხადებს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ერთ-ერთი ადგილობრივი.

ასპინძის მერი, როსტომ მაგრაქველიძე ამბობს, რომ შეთანხმების შესაბამისად, სოფლის გზა მერის ინიციატივით მოირეცხება.

„არაფერი შეცვლილა, გუშინ რა შეთანხმებაც იყო, იმას შეასრულებს მუნიციპალიტეტიც და მწყემსიც. მერიის ინიციატივით მოსუფთავდება ტრასაც“, – გვითხრა როსტომ მაგრაქველიძემ.

შეგახსენებთ, რომ  ტოლოშის მოსახლეობამ სოფლის შესასვლელი გზა გუშინ, 5 ივნისს გადაკეტა, ისინი მომთაბარე მწყემსების პირუტყვის გატარებას ეწინააღმდეგებოდნენ.

მსგავსი პრობლემა მომთაბარე მწყემსებს ახალციხის მუნიციპალიტეტშიც შეექმნა, როგორც მწყემსი მახათარ გაჯიევი „სამხრეთის კარიბჭესთან“ 25 მაისს აცხადებდა, ახალციხის მთაში ასვლის უფლება სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს. რედაქცია ამ დრომდე ცდილობს გარკვევას რატომ და ვისი დავალებით არ უშვებენ მწყემსებს საზაფხულო საძოვრებზე. აღნიშნულ საკითხზე არცერთი უწყება არ საუბრობს.