რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს კახა გვანცელაძეს უსმენენ, ხმაური იყო.
დაპირისპირება „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერ გიორგი ვაშაძესა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ზარქუას შორის კახა გვანცელაძის ანაზღაურების საკითხმა გამოიწვია. ვაშაძემ დაპირისპირების დროს ზარქუას ურჩია „თხა და გიგო წაეკითხა”, ზარქუამ კი მას „ჩმორი” უწოდა.
ხელფასის შესახებ კითხვა გვანცელაძეს ვაშაძემ დაუსვა და ასევე, ბაღის აღმზრდელთა ანაზღაურებით დაინტერესდა.
კახა გვანცელაძის კითხვაზე, თუ რამდენი უნდა იყოს მისი ანაზღაურება, ვაშაძემ აღნიშნა, რომ „მისნაირ მენეჯერს სამსახურიდან გაუშვებდა და კაპიკს არ მისცემდა”, რამაც ირაკლი ზარქუას გაღიზიანება გამოიწვია, რომელმაც იუსტიციის სამინისტროში მისი მუშაობის პერიოდი და აღებული პრემიები გაახსენა, საპასუხოდ ვაშაძემ განაცხადა, რომ იმსახურებდა, რადგან იუსტიციის სახლი „მსოფლიოში არის პირველ ადგილზეა”.
„კორუფციისგან ვათავისუფლებდი სისტემას და შენგან განსხვავებით წაკითხული მქონდა შენი წონა წიგნები, შენ კიდე “თხა და გიგო” არ იცი რა არის,”- უპასუხა ვაშაძემ.
რაც შეეხება ანაზღაურების საკითხს, რამაც კამათი გამოიწვია, კახა გვანცელაძის თქმით, ბაღის აღმზრდელის მინიმალური ხელფასი 220 ლარია, მისი ხელფასი კი 4500 ლარს შეადგენს.
„ალბათ, თქვენც ფიქრობთ, რომ არაადამიანურია ბაღის აღმზრდელების ხელფასი – 220 ლარი, როცა თქვენ 4000 ლარზე მეტი გაქვთ ხელფასი.
პენსიაზე დაბალია ეს ანაზღაურება. ხომ არ შეგიძლიათ რაიმე აქტი ან დოკუმენტი წარმოგვიდგინოთ, რომ გული შეგტკიოდათ ბაღების პედაგოგებზე და იქ დასაქმებულ ადამიანებზე, როცა თქვენ 4000 ლარზე მეტი გაქვთ ხელფასი. ხომ არ გქონიათ რაიმე ინიციატივა ბიუჯეტის დაგეგმვის დროს, რომ გაზრდილიყო ეს ხელფასები? თბილისი ვერ იტყვის, რომ ცოტა ფული აქვს. თბილისს აქვს ეს ფული და თუ მისთვის ბავშვებია პრიორიტეტი, შეიძლება ამ ფინანსური რესურსის მოძიება,”- მიმართა ვაშაძემ გვანცელაძეს.
კახა გვანცელაძის თქმით, ბაღების პედაგოგებს დაბალი აზღაურება აქვთ, თუმცა, ეს არ არის „არაადამიანური”.
„ეს არ არის არაადამიანური და იმ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი ანაზღაურებაა, შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ,”- კახა გვანცელაძემ.