მდინარაძე: რომ არა ის სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც კახა კალაძის მერობის შემდეგ დაიწყო, სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებოდით

783

თბილისის მერიის მიერ განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ კახა კალაძის მერობისას დაწყებული სატრანსპორტო პოლიტიკის გაგრძელება აუცილებელია.

„რომ არა ის სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც კახი კალაძის მერობის შემდეგ დაიწყო, სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებოდით. შეიძლება, სატრანსპორტო კოლაფსის წინაშეც აღმოვჩენილიყავით. აღნიშნული სატრანსპორტო პოლიტიკის ამგვარად გაგრძელება უზრუნველყოფს იმას, რომ დედაქალაქში ეს პრობლემა, საბოლოოდ, მოგვარდება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დედაქალაქის მერმა დღეს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციაზე თბილისის მერიის გეგმებიც გახდა ცნობილი; მომდევნო ერთი წლის განმავლობაში თბილისში კიდევ 100 ელექტროდამტენი დამონტაჟდება, ამასთან, აღინიშნა, რომ რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგიროს აღდგენა-მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. გარდა ამისა, ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო საშუალოდ 4 წუთამდე შემცირდება.