გორის თემის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორს, კახა სამხარაძეს და საქართველოს პარლამენტის წევრს, დიტო სამხარაძეს ზეწოლაში ადანაშაულებს. გამგებლის ინფორმაციით, ისინი მას გადადგომას სთხოვდნენ, რის შემდეგაც გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ლევან ჟღენტი უნდა დანიშნულიყო. ჟღენტი ამჟამად შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატში მუშაობს.
თავად ბრალდების ადრესატები ფაქტს უარყოფენ და აცხადებებ, რომ ონიაშვილი ცრუობს. დეპუტატი იმასაც აცხადებს, რომ ონიაშვილმა “ქართული ოცნება” გაყიდა, რადგან ის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭს “შენების მოძრაობიდან” იყრის.
ტელეკომპანია “თრიალეთის” ინფორმაციით, გამგებლის გადადგომის შესახებ ინფორმაცია გორში რამდენჯერმე გავრცელდა, თუმცა, საბოლოოდ არ დადასტურდა. გავრცელებული ინფორმაციითვე, გუბერნატორსა და გამგებელს შორის დაპირისპირება დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა.