შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. ვახტანგ ზოიძის განცხადებით, ამის მიზეზი გახარიას მხარდაჭერის გამო თანამდებობის პირების პოლიტიკური ნიშნით დევნაა. ვახტანგ ზოიძე გადადგომის შესახებ განცხადებას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს, რომელშიც დასძენს, რომ ამ მეთოდით ადამიანებს წინა ხელისუფლება ებრძოდა, რაც მისთვის მიუღებელია.
„2012 წლიდან ვარ “ქართული ოცნების” წევრი, 2014 -2017 წლებში აქტიურად ვიყავი ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ვიყავი შუახევის საარჩევნო შტაბის უფროსი. ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა დაუშვებელია. ამას აკეთებდნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და სამწუხაროდ, ანალოგიურ სურათს ვხედავთ უკვე დღეს, გიორგი გახარიას მიმართ კეთილგანწყობილ საჯარო მოხელეებთან მიმართებაში. ეს სრულად ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, ფასეულობებს რის გამოც ვიყავი ქართულ ოცნებაში. ეს არის ჩემთვის მიუღებელი და სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, ვტოვებ ქართულ ოცნებას და ვუერთდები გიორგი გახარიას გუნდს“ – წერს ზოიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.