რას გულისხმობს “საქმიანი ეზო” და როდიდან ვერ შეძლებს მოსახლეობა ტყეში ხის მოჭრას

806

„ტყითსარგებლობის ახალი წესის მიხედვით“, მოსახლეობას ტყეში შეშის მოჭრის უფლება შეეზღუდება. სად შეიძენენ ადგილობრივები საშეშე მერქანს და რა ეღირება ერთი კუბური მეტრი. ამის შესახებ სტატიას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ბიომრავალფეროვნების და სატყეო დეპარტამენტის უფროსის, კარლო ამირგულაშვილის თქმით, ახალი რეგულაცია 2023 წლიდან ამოქმედდება, შედეგად მოქალაქეები ტყეში შეშას ვეღარ მოჭრიან, მათ შესაძლებლობა ექნებათ ე.წ საქმიან ეზოში მივიდნენ და საშეშე მერქანი ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ.

„მოსახლეობა 2023 წლამდე, როგორც იმარაგებდა საშეშე მერქანს ისე მოიმარაგებს, თუმცა ცალკეულ მუნიციპალიტეტებში, სადაც „საქმიანი ეზოებია“ მოწყობილი შეუძლიათ უკვე მიმართონ და შეიძინონ მერქანი, ანუ ეს ალტერნატივა გაჩნდა იმისთვის, რომ ცივილიზებული ფორმით შევიძინოთ სასურველი რაოდენობის მერქანი“, – განმარტავს კარლო ამირგულაშვილი.

„ტყითსარგებლობის ახალი წესის“ მიხედვით, 1კუბ/მ შეშა 85-90 ლარი ეღირება, ხოლო ტრანსპორტირების გარეშე – 70-75 ლარი.

დადგენილი სარეალიზაციო ფასები ტრანსპორტირებით მოცემულია 30 კმ-ის ჩათვლით, ხოლო 30 კმ-ის ზევით ყოველ მომდევნო კილომეტრზე ფასს ემატება 1 კუბ/მ-ისთვის 0,50 ლარი (დღგ-ის ჩათვლით).

„2023 წლიდან, თუ მოსახლეობას თანხის დაზოგვა უნდა, შეუძლია სატყეო სააგენტოს მიერ უკვე მოჭრილი შეშა ტყიდან თავად გამოიტანონ, მაგალითად საჭაპანე ტრანსპორტით. დღეს ხდება შეშის დამზადება არაორგანიზებულად, მიდის მანქანა, მუშახელი და ბენზო ხერხი, ხშირ შემთხვევაში ამ დროს სამასალე მერქანი ხვდება ღუმელში. როდესაც დაიწყება ჩვენს მიერ დამზადება, ეს მოქალაქის ჯიბეზეც აისახება, ჩვენს მიერ მოჭრილი შეშა მათ უკვე გამომშრალი დახვდებათ, ეს ნიშნავს, რომ დაწვავს იმაზე ნაკლებს, ვიდრე აქამდე წვავდა სველი შეშის სახით“, – ამბობს იგი.

მოსახლეობას „საქმიან ეზოში“ უკვე დაჩეხილი შეშის შეძენაც შეუძლია, ამისთვის კი 1კუბ/მ–ში დამატებით 20 ლარი უნდა გადაიხადოს.

სამცხე–ჯავახეთში „საქმიანი ეზოების“ მოწყობის სამუშაოები გასულ წელს დასრულდა. შესაბამისად ადიგენის სოფელ ჩორჩანის, ასპინძის, დაბა წაღვერის, ბორჯომის და დაბა ბაკურიანის მოსახლეობას უკვე შეუძლია აღნიშნული სერვისით ისარგებლონ.