2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კომისიის წევრები საბოლოო მონაცემებს ოქმში შეტანამდე სპეციალური პროგრამით დააჯამებენ. ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს განიხილავენ.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, კომისიის წევრებს უმეტეს შემთხვევაში არითმეტიკული შეცდომები მოსდიოდათ.
„ის, რომ შესწორების ოქმი ვერ შედგება ფაქტობრივად გადათვლის გარეშე, ეს მნიშვნელოვანი საკითხია და შესაძლებელია, ამან ბევრი გადათვლა გამოიწვიოს, ვინაიდან ვხედავთ, რომ ეს მათემატიკური შეცდომები არის. ერთ-ერთი საკითხი რაზეც ვფიქრობთ არის ის, რომ უბანზე კომისიას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ პლანშეტებში ჰქონდეთ ჩატვირთული პროგრამა, რომელშიც თავდაპირველად შეიყვანენ რიცხვებს, პროგრამა დააჯამებს ბალანსი დაჯდა თუ არა და ამის შემდეგ შეიყვანენ მონაცემებს ოქმში. იქნებ პრობლემა აქ მაინც აღმოიფხვრას, ვინაიდან ვნახეთ, რომ უმეტეს შემთხვევაში არითმეტიკული შეცდომები მოსდიოდათ კომისიის წევრებს.
რაც შეეხება დისბალანსს, როგორც გადათვლის საფუძველს, აქ არის ის ხაზი, სადაც ჩვენ ვუყურებთ რისკებს. ყველა, ვისაც არჩევნების გამოცდილება აქვს, თანხმდება, რომ ე.წ. ნაკლებობის გამოწვევა არის ყველაზე უადვილესი რამ, რაც ამიტომ გვინდა დავაზღვიოთ. ისევე, როგორც მეტობის გამოწვევა, თუმცა, ეს არ არის ისე ადვილი, მაგრამ შესაძლებელია. რისკი არის მარტივი, რომ არ მოხდეს ხელოვნურად მეტობა-ნაკლებობის გამოწვევა და ამით საარჩევნო პროცესის პარალიზება. ამ არჩევნებზე გვქონდა 924 უბანი, სადაც ნაკლებობა იყო. ოლქმა დღეში შეიძლება 1, მაქსიმუმ 2 უბანი გადათვალოს და როცა 924 უბანია გადასათვლელი, ყველა ვხვდებით ეს რას ნიშნავს, რა პოლიტიკური დუღილია გარეთ და ა.შ. იმდენი დამზღვევი მექანიზმია, დამატებითი მეზანიზმები აღარ არის საჭირო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.