„ქართული ოცნების“ დეპუტატი ბეჟან წაქაძე გამოდის ინიციატივით, რომ მოქალაქეებს მიწები სიმბოლურ ფასად, გარკვეული ვალდებულებით გადაეცეს.
აღნიშნული განცხადება მან პარლამენტში გააკეთა, სადაც სასოფლო-სამეურნეო მიწების ფასდაკლებით შეძენის ინიციატივაზე მთავრობის ინიციატივას გამოეხმაურა.
„მინდა გამოვეხმაურო ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას ინიციატივას, რომელიც ეხება იჯარით გაცემული სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო მიწების ფასდაკლებით შეძენას. ძალიან კარგი ინიციატივაა და ამ ინიციატივის დაანონსების შემდეგ, ვიმყოფებოდი ჩემს რეგიონში და შევხვდი უამრავ ადამიანს, რომელიც სარგებლობს ამ მომსახურებით. მათთან კონსულტაციებით და ასევე, ჩემი ინიციატივით, მინდა, ცოტა კორექტირება შევიტანო. მიგვაჩნია, რომ ასე აჯობებს, რასაც ჰქვია „იჯარით გაცემული სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო მიწების შესყიდვის შესახებ“. კარგი იქნებოდა, საქართველოს მოქალაქეებს გადავცეთ ეს მიწები სიმბოლურ ფასად, ოღონდ გარკვეული ვალდებულებით. რა უნდა იყოს ჩაწერილი ამ ვალდებულებაში, რასაც ჩემი ეს იდეა ითვალისწინებს – აუცილებლად უნდა იყოს ვალდებულების პირველ პუნქტში ის ღირებულება, რომელიც მან უნდა გადაიხადოს მიწის ღირებულებაში, მან ჩადოს ისევ თავის ბიზნესში. ასევე, გაიწეროს ეს პროცესები.
ასევე, მეორე მთავარი ვალდებულება მისი უნდა იყოს ის, რომ მან უნდა მოახდინოს ამ მიწის აუცილებლად დამუშავება და მოსავლის მიღება და ამის დეკლარირება სახელმწიფოსთან, რომ სახელმწიფომ გასწიოს ეს კონტროლი. ეს გაცილებით დააჩქარებს სოფლის მეურნეობის უდიდესი დარგის ინტეგრირებას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. ეს თემა აუცილებლად განვიხილოთ და თუ რა პუნქტები უნდა ჩაიწეროს კიდევ ხელშეკრულებაში, ოპოზიციასთან ერთად ვიმსჯელოთ და გადავწყვიტოთ“, – განაცხადა ბეჟან წაქაძემ.