საქსტატი: 2020 წელს საქართველოს მოსახლეობა კიდევ უფრო გაღარიბდა

418

2020 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1 194.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.5 პროცენტით ნაკლებია,- ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“  ავრცელებს.

უწყების ბოლო მონაცემებით, 2020 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 6.4 პროცენტით შემცირდა და 1 100.5 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 4.4 პროცენტით შემცირდა და 321.4 ლარს გაუტოლდა.

ცნობილია ისიც, რომ გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც 2020 წელს, გასულ წელთან შედარებით, 2.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 86.8 პროცენტი შეადგინა.

2020 წელს ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში კვლავ მნიშვნელოვანი წილი უჭირავს დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს, რომლის წილი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 47.8 პროცენტი შეადგინა.

ასევე 2.0 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი და 9.4 პროცენტს უტოლდება. ამასთან, პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 23.4 პროცენტი შეადგინა.

შემცირებულია საშუალო თვიური ხარჯებიც, კერძოდ 2020 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 1 127.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 7.6 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის მონაცემებით, საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 9.4 პროცენტით შემცირდა და 1 038.5 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 7.4 პროცენტით შემცირდა და 303.3 ლარს გაუტოლდა.