24 მაისს, სოფელი არაფლოს მოსახლეობაში მიწის და სარწყავი წყლის არხის გაყვანის გამო კონფლიქტი შეიქმნა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
არაფლოელი ილჰამ ჰუსეინოვი აცხადებს, რომ მისმა თანასოფლელმა რიზვან მამედოვმა ცხოველებისათვის საძოვრებად განკუთვნილი მიწა უკანონოდ მიითვისა, დაამუშავა და სიმინდი დათესა, ამჟამად კი გზის პირას არხს თხრის, რათა სათბურამდე სარწყავი წყალი მიიყვანოს.
„სახელმიწოს, პროკურატურას, ზედამხედველობას ყველგან მივმართე. დოკუმენტები მოვიდა, უფლების გარეშე ამუშავებს ამ მიწას. მე ვითხოვ, რომ მოსახლეობას საძოვრები დაუბრუნონ. ჩვენს საძოვრებზე ახლა სიმინდი დათესა. მე ვითხოვ რომ კანონიერად მოხდეს ყველაფერი და ხალხს უფლება მიეცეს რომ კუთვნილი საძოვრები გამოიყენონ“ – აცხადებს ილჰამ ჰუსეინოვი
რიზვან მამედოვი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მეზობლის განცხადებას უსაფუძვლოდ აფასებს. აცხადებს, რომ მიწა, რომელიც დაამუშავა, კანონიერად იყიდა და სარწყავი წყალიც სწორედ ამიტომ გაჰყავს, რათა ნათესები უწყლოობის გამო არ განადგურდეს.
„ეს ბიჭი მეუბნება აქედან არხი არ გაიყვანეოო. ეს ახლახან მოვიდა აქ, მე 1998 წლიდან ვთესავ აქ მოსავალს. ჩემი სათბურისთვის არ მჭირდება წყალი? 1998 წლიდან აქედან ვრწყავთ ხოლმე მოსავალს. ახლა არ მაძლევენ ნებას. ადრე მიწის შუაში მიდიოდა წყალი და მითხრეს აქედან გაიყვანეო, ახლა აქაც მიკეტავენ. ოთხი ჰექტარი მიწაა აქ, ბანკში 150 000 ლარი ვალი მაქვს, რით უნდა გადავიხადო? ეს მიწა მას არც ეკუთვნის“. – ამბობს რიზვან მამედოვი
საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც მეზობლები დავობენ, რიზვან მამედოვს არ ეკუთვნის და ის სახელმწიფოს ბალანსზეა.