მთავრობამ სოფელ ცაიშში ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორიაზე მდებარე 20 094 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 348 ათას ლარად გაყიდა. აუქციონი გუშინ, 24 მაისს დასრულდა.
აუქციონის პირობების თანახმად, მესაკუთრემ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში საპრივატიზებო უძრავი ქონების განვითარების მიზნით, ამავე უძრავ ქონებაზე არანაკლებ მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მყიდველი შპს ცაიშის კურორტია. საჯარო რეესტრის თანახმად, 2018 წელს რეგისტრირებული კომპანიის 10%-ს დავით ქირია ფლობს, ხოლო დანარჩენს შ.პ.ს ლაზეთი გრუპ-ი. ამ კომპანიის წილები კი ასე ნაწილდება: მამუკა კვირკვია – 51%, ლალიტა შერვაშიძე, რომელიც რუსეთის მოქალაქეა – 49%.