20 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო პროექტი „დიდგორელი“-ის ფინალი და საზეიმო დაჯილდოება გაიმართა. „დიდგორელი“ ისტორიის სასკოლო კონკურსია, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეების ისტორიით დაინტერესებას და ისტორიის – როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგნის პოპულარიზაციას. ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.
“კონკურსში მონაწილე ახალგაზრდების რაოდენობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით 500 აღემატებოდა. ფინალში 4 ახალგაზრდა გადავიდა, ხოლო გამარჯვებული მარნეულის მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლე, ლუკა ანდიაშვილი გახდა, რომელმაც კომპანია არემჯისგან ფულადი სტიპენდია მიიღო. ასევე, ფინალისტები მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისგან დაჯილდოვდნენ სხვადასხვა სახის საჩუქრებით.
კონკურსის დახურვის ცერემონიას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლაშა ლობჯანიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, კახა კობერიძე, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, განათლებისა და მეცინერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, კომპანია „არემჯი“-ის და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოგახსენებთ, რომ „დიდგორელი“ 2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის მეუფე ანანიას ჩართულობითა და მხარდაჭერით დაიწყო,”- წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.