„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 7 ნომბრისა და 20 ივნისის შედარება მიუღებელია. აღნიშნულით ის „გირჩის“ ინიციატივასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას გამოეხმაურა, რომელიც 26 მაისის და 7 ნოემბრის მოვლენებზე ამნისტიის კანონპროექტს მომზადებს გულისხმობს.
„7 ნოემბრის და 20 ივნისის ერთმანეთთან შედარება პრინციპულად არასწორია და ეს არის იმ დანაშაულის გამართლების მცდელობა, რაც თავის დროზე „ნაცმოძრაობამ“ ჩაიდინა. 7 ნოემბერი, გარდა იმისა, რომ ხელისუფლების უზურპაციის გამოხატულება იყო, ეს იყო თავისუფალი მედიის მიტაციების გამოხატულება და როცა ამას 20 ივნისს ადარებ, პრინციპულად არასწორია. ერთადერთი, რითაც შეიძლება ერთმანეთს 7 ნოემბერი და 20 ივნისი შევადაროთ, ეს არის ის, რომ ორივე შემთხვევაში „ნაცმოძრაობა“ ცდილობდა ხელისუფლების უზურპაციას, თავის დროზე, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში – 7 ნოემბერს და შემდეგ უკვე ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში – 20 ივნისს. ორივე შემთხვევაში ეს იყო „ნაცმოძრაობის“ მიერ ხელისუფლების უზურპაციის მცდელობა, პირველ შემთხვევაში ეს მათ მოახერხეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მეორე შემთვევაში, მათ ეს ვერ მოახერხეს. ეს არის ერთადერთი მსგავსება 7 ნოემბერსა და 20 ივნისს შორის, დანარჩენ შემთხვევაში ეს შედარება არის აბსოლუტურად მიუღებელი და სინამდვილის გამრუდების მცდელობა“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, “გირჩს” აქვს ინიციატივა, მოამზადოს კანონპროექტი, და როგორც 20 ივნისის მოვლენებზე ხდება ამნისტის გამოცხადება, ზუსტად ასევე მოხდეს 7 ნოემბერთან და 26 მაისთან დაკავშირებით.
იაგო ხვიჩიას თქმით, ამ დოკუმენტის მიზანი შერიგება იქნება, რადგან ამისთვის მხოლოდ 20 ივნისის ამნისტია არ არის საკმარისი და უფრო შორს წასვლაა საჭირო.