„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შესახებ კანონპროექტით, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის არის შეთანხმებული, საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნის წესიც იცვლება. კერძოდ, აღნიშნულთან დაკავშირებით ცესკო-ში გადაწყვეტილებები ხმათა 2/3-ით მიიღება.
პროექტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიას ქმნის ცესკოს წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედი, ნაცვლად სრული შემადგენლობის უმრავლესობისა, როგორც ეს მოქმედი კანონით არის გათვალისწინებული.
საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წევრს 5 წლის ვადით ცესკო ასევე სრული შემადგენლობის ორი მესამედით ირჩევს. არჩევნების დანიშვნის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ამ კანონით ნიშნავენ შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანებები, ხოლო 3 წევრს სრული შემადგენლობის ორი მესამედით ირჩევს ცესკო, შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.
პროექტის თანახმად, პარტიის გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის თაობაზე უნდა წარედგინოს ცესკოს არჩევნების დანიშვნიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. თუ უფლებამოსილი პარტიები ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ დანიშნავენ ან გაიწვევენ საარჩევნო კომისიის წევრებს, რის შედეგადაც საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ქვემოთ ჩამოვა, ცესკოს ამ ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეავსოს სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე.
პარტიას უფლება აქვს გამოიწვიოს თავის მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი მხოლოდ კენჭისყრის დღემდე 3 კვირით ადრე. პარტიას უფლება აქვს, საოლქო საარჩევნო კომისიის ახალი წევრი დანიშნოს მხოლოდ დანიშნული წევრის გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში.
იცვლება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა და ხელმძღვანელ პირთა დანიშვნისა და შერჩევის წესიც. კერძოდ, ახალი პროექტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია ნაცვლად 12-ისა არაუმეტეს 17 წევრისთან შედგება, ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს შესაბამისი ვაკანსიის წარმოშობის შემდეგ, კომისიის პირველივე სხდომაზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, ცესკოს მიერ 5 წლის ვადით დანიშნულ კომისიის წევრთაგან ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისია. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება საოლქო საარჩევნო კომისიაში მისი წევრობის ვადით.