„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტის შინაარსი, რომელზეც ოპოზიცია და მმართველი გუნდი შეთანხმდა, ცნობილია.
კანონპროექტის მიხედვით, იცვლება ცესკო-ს წევრთა რაოდენობა, 11 წევრის ნაცვლად ცესკოს არაუმეტეს 17 წევრი ეყოლება. ცესკოს წევრთა რაოდენობაში მათ შორის არიან ცესკოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე და ცესკოს მდივანი.
ცვლილება ეხება თავმჯდომარეთა რაოდენობასაც, ცესკოს ერთის ნაცვლად ორი მოადგილე ეყოლება. ცესკოს თავმჯდომარე იმავდროულად კვლავ იქნება ცესკოს წევრი და მისი უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს მისი წევრობის შეწყვეტასაც.
პროექტის თანახმად, ცესკოს 7 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრისა ინიშნება პარტიების მიერ.
ცესკოს თავმჯდომარის ერთი მოადგილე და ცესკოს მდივანი არჩეული უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრებიდან. კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს. ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ. ცესკოს თავმჯდომარის ერთი მოადგილე არჩეული უნდა იყოს პარტიების მიერ დანიშნული წევრებიდან, რომლებიც საქართველოს პარლამენტის უმრავლესობაში არ შედიან.
ცვლილება ეხება ცესკოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილესა და ცესკო-ს მდივნის უფლებამოსილებებსაც. კანონპროექტის თანახმად, მათ არ ექნებათ უფლება განცხადება/საჩივარი დატოვონ განუხლველად.
ამასთან, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ან თავმჯდომარის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო ცესკოს შემთხვევაში – თავმჯდომარის ის მოადგილე, რომელიც არჩეულია პარტიების მიერ, რომლებიც არ შედიან უმრავლესობაში, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში ის მოადგილე, რომელიც არჩეულია საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრებიდან.
იცვლება ცესკოს წევრთა არჩევის წესიც, კერძოდ, საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში რომლის შექმნის განკარგულებას პრეზიდენტი გამოსცემს უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 10 წევრისგან. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ საქართველოში რეგისტრირებული იმ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირების წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ საარჩევნო საკითხებში, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების სფეროში საქმიანობის არანაკლებ 7-წლიანი გამოცდილება, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელები, რომლებსაც აქვთ სულ მცირე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა. კომისია უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 10 წევრისგან. კომისიის შემადგენლობის ამ პუნქტით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირების წარმომადგენლებით უნდა იყოს დაკომპლექტებული. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 14 დღისა. თუ აღნიშნული ვადები ემთხვევა არჩევნების ჩატარების პერიოდს, საქართველოს პრეზიდენტი კონკურსს აცხადებს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-7 დღისა, ხოლო ცესკოს წევრს უფლებამოსილება უწყდება ახალი წევრის არჩევისთანავე.
პროექტით შემოდის სრულიად ახალი ჩანაწერი ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის შესახებ. დოკუმენტის თანახმად, ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობას და მის დებულებას განკარგულებით ამტკიცებს ცესკო. ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი უნდა შედგებოდეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისგან და არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებისგან. საკონსულტაციო ჯგუფი ცესკოს წარუდგენს რეკომენდაციებს დავების განხილვის პროცესისთვის. ამ ჯგუფს ცესკოს განკარგულებით შეიძლება მიენიჭოს დამატებითი ფუნქციები, როგორიცაა კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესში ჩართვა.