ციფრული წიგნიერების ცენტრები რუსთავის, ქედისა და თელავის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას ახალ შესაძლებლობებს უხსნის

1663

თანამედროვე სამყარო დღეს რთულად თუ წარმოიდგენს, როგორია ცხოვრება ციფრული ტექნოლოგიების გარეშე. ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ყოველდღიურ ურთიერთობებში, ბიზნესში, საჯარო მმართველობაში როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. კოვიდპანდემიის პირობებში კი, ამ ახალმა ტექნოლოგიებმა, რომელიც ელვის სისწრაფით ვითარდება, პრაქტიკულად, ჩაანაცვლა პირდაპირი კომუნიკაციის ფორმები.

2019 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით, საქართველომ ინტერნეტზე წვდომის უფლება ფუნდამენტურ უფლებად აღიარა და კონსტიტუციით დაცული უფლებების რანგში აიყვანა. სახელმწიფომ დაიწყო ზრუნვა, რომ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში მცხოვრებ მოქალაქეებს ჰქონდეთ. პარალელურად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, 2019 წლიდან, მუნიციპალიტეტებში ნერგავს სპეციალურ პროგრამას, რამაც უნდა შექმნას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა უკეთესი ჩართულობის მექანიზმები, გახადოს მუნიციპალური სერვისები უფრო გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი, დააჩქაროს ადმინისტრაციული წარმოების პროცესი ადგილობრივ თვითმმართველობაში და შექმნას გასაჩივრების ეფექტური მექანიზმები, რათა ამ პროცესში მეტად იყოს დაცული მოქალაქეთა უფლებები. თუმცა, ციფრული ტექნოლოგიების ადგილობრივ თვითმმართველობაში დანერგვა არ იქნება ეფექტური, თუ მოქალაქეს არ ეცოდინება, როგორ გამოიყენოს ეს ტექნოლოგიები და მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებული ელექტრონული სერვისები.

ადგილობრივ დონეზე ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა და ამასთან ერთად, ციფრული წიგნიერების ამაღლება ის ერთ-ერთი გამოწვევაა, რომლის დაძლევაც საქართველოს მუნიციპალიტეტებს, მოქალაქეთა კეთილდღეობის ასამაღლებლად, მათი სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის გასაზდელად მოუწევთ.

სწორედ ამ გამოწვევის დასაძლევად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ), პროგრამის – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა გადაწყვიტა. ამ ორგანიზაციის დახმარებით უკვე სამ – რუსთავის, თელავისა და ქედის მუნიციპალიტეტებში ციფრული წიგნიერების ცენტრები მოეწყო.

რა არის ციფრული წიგნიერების ცენტრი და როგორ დაეხმარება ის მოქალაქეებს?

პირველი და უმთავრესი არის ის, რომ ამ ცენტრებში დაინტერესებულ მოქალაქეებს შეეძლებათ, ისწავლონ და განავითარონ ის უნარები, რაც მათ საკუთარი ეკონომიკური საქმიანობის გაუმჯობესებაში დაეხმარება. ეს კი ნიშნავს, რომ ციფრული ტექნოლოგიების შესწავლითა და შემდგომში მისი გამოყენებით, მაგალითად, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები უფრო ფართო აუდიტორიასთან წვდომას შეძლებენ, მოიძიებენ ახალ ბაზრებს და გაზრდიან საკუთარ შესაძლებლობებს.

ციფრული ტექნოლოგიების ცოდნა რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს ასევე მისცემს შესაძლებლობას, ჰქონდეთ სრულფასოვანი წვდომა მათ მუნიციპალიტეტში დანერგილ ელექტრონულ სერვისებზე და ჩაერთონ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რასაც, თანამედროვე ენაზე, ადგილობრივ დონეზე ელექტრონული დემოკრატიის ხელშეწყობა ჰქვია.

მარტივად რომ ვთქვათ, მოქალაქე შეიძენს უნარს, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები გამოიყენოს იმისათვის, რომ შეძლოს დასახული მიზნების სწრაფად და ხარისხიანად მიღწევა.

ქედის ციფრული წიგნიერების ცენტრით სარგებლობა მეზობელ მუნიციპალიტეტებსაც შეეძლებათ

ერთ-ერთი პირველი, სადაც GIZ-ის მხარდაჭერით ციფრული წიგნიერების ცენტრი გაიხსნა, ქედის მუნიციპალიტეტია. მუნიციპალიტეტსა და ორგანიზაციას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად,  ფართი ქედის მერიამ დაბა ქედაში არსებული ისტორიული მუზეუმის შენობაში გამოყო, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით კი ამ სივრცის ჯერ სრულად გარემონტება, შემდეგ კი ტექნიკურად აღჭურვა გახდა შესაძლებელი. ახლა ციფრული წიგნიერების ცენტრში 11 კომპიუტერი, პრინტერები, პროექტორი და ეკრანია განთავსებული. ერთი სიტყვით, ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ცენტრმა სრულფასოვნად ფუნქციონირება შეძლოს.

„ქედის ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის“ დირექტორი, რაულ ცინცაძე ამბობს, რომ ამ სივრცის შექმნამ ადგილობრივ მოსახლეობას მეტი შესაძლებლობები გაუჩინა იმისათვის, რომ, ციფრული ტექნოლოგიების შესწავლითა და გამოყენებით, საკუთარი საქმიანობა უკეთ წარმართოს. მისი ინფორმაციით, კოვიდპანდემიის დასრულებისა და ვითარების დასტაბილურებისთანავე, შეიქმნება ტრენინგ-მოდულები, რომლებსაც მოსახლეობას შესთავაზებენ. ინტერესის სფეროებს კი, პირდაპირი და ონლაინგამოკითხვების მეშვეობით, თავად მოქალაქეები შეარჩევენ.

რაულ ცინცაძე, „ქედის ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის“ დირექტორი: „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და ქედის მუნიციპალიტეტი უკვე რამდენიმე წელია, სხვადასხვა საკითხზე თანამშრომლობენ და ერთობლივ პროექტებს ახორციელებენ. სწორედ GIZ-ისა და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობის ფარგლებში გაჩნდა იდეა,  გახსნილიყო ციფრული წიგნიერების ცენტრი. ფართი, რომელიც სპეციალურად ამისთვის გამოიყო, სრულად გარემონტდა და აღიჭურვა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, ხოლო მერია, აღჭურვის შემდეგ, მის ადმინისტრირებას ახდენს.

აღნიშნული პროექტის იდეა ის არის, რომ ქედის მოსახლეობას უფრო მეტი წვდომა ჰქონდეს ინტერნეტთან და თანამედროვე კომუნიკაციებთან. კოვიდის გამოწვევებმა და ზოგადად, მსოფლიოში ციფრული ინდუსტრიის განვითარებამ გვაჩვენა, რომ მოქალაქეები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართული ტექნოლოგიების გამოყენებაში. ვინმეს თუ სასტუმრო აქვს, რესტორანი აქვს, კერძო ბიზნესი აქვს, ან სურს ჩაერთოს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, შეუძლია, მისი რეალიზაცია მოახდინოს ინტერნეტისა და ციფრული კომუნიკაციის მეშვეობით. ამ ცენტრში შესაძლებელი იქნება, მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად, შეირჩეს თემა, ტრენერი და შემდეგ უკვე მომზადდეს სხვადასხვა ტრენინგი თუ ლექცია.

ცენტრის შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტში არსებული ონლაინრესურსებითა და ადგილობრივი მედიით ვრცელდება, თუმცა, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ცენტრს აქტიურად მუშაობა ჯერ არ დაუწყია. როგორც კი კოვიდსიტუაცია დასტაბილურდება, ცენტრი ოფიციალურად გაიხსნება. სწორედ ამ პერიოდისთვის უკვე შემუშავდება ტრენინგ-მოდულები, გვექნება გეგმა-გრაფიკი, თუ რომელ კვირაში რა ტრენინგი და რა მიმართულებით ჩატარდება. ტრენინგებისთვის საჭირო თემატიკას კი, გამოკითხვების მეშვეობით, თავად მოსახლეობა შეარჩევს“.

რაულ ცინცაძის ინფორმაციით, სანამ ცენტრი აქტიურად დაიტვირთება, აღნიშნულ სივრცეს მუნიციპალიტეტი და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა შეხვედრისა და ღონისძიებისთვისაც ინტენსიურად იყენებენ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ სწორედ ამ ცენტრმა უმასპინძლა ტრენინგს, რომელზეც, მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში, მობილიზატორები გადამზადდნენ. ეს პროგრამაც ქედის მუნიციპალიტეტში სწორედ GIZ-ის მხარდაჭერით დაინერგა და მეორე წელია, წარმატებით ხორციელდება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცენტრი მხოლოდ ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას არ მოემსახურება და ამ სივრცით სარგებლობა მეზობელი მუნიციპალიტეტებსაც შეეძლებათ. ეს შეთანხმებაც იმ მემორანდუმის ნაწილია, რომელსაც ქედის მერიამ და GIZ-მა მოაწერეს ხელი. ეს კი კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა მუნიციპალიტეტებს შორის ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

რუსთავის ციფრული წიგნიერების ცენტრმა პირველი ტრენერები უკვე გადაამზადა

რუსთავის ციფრული წიგნიერების ცენტრი თეატრის შენობაში განთავსდა. შენობა მუნიციპალური საკუთრებაა, ის ქალაქის ცენტრში, ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას მდებარეობს და მისით სარგებლობა ნებისმიერი ასაკის რუსთაველს შეუძლია.

ფართი, რომელშიც აღნიშნული ცენტრი განთავსდა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების დახმარებით გარემონტდა და სრულად აღიჭურვა. მუნიციპალიტეტის მერიასა და GIZ-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ახლა ამ სივრცის მოვლა-პატრონობისა და ადმინისტრირების ვალდებულება სრულად მერიაზეა.

რუსთავის მერის თანაშემწე, რევაზ ბარბაქაძე მიიჩნევს, რომ ციფრული წიგნიერების ცენტრი რუსთაველებს ახალი უნარების დაუფლებაში დაეხმარება. „რუსთავს ინტერნეტიზაციის პრობლემა ნამდვილად არ აქვს, თუმცა, ამ ცენტრის ფუნქცია არ არის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა. მისი ფუნქციაა ციფრული წიგნიერების ამაღლება. შეიძლება ინტერნეტით სარგებლობა, იგივე ფეისბუქისა თუ სხვა პლატფორმების გამოყენება იცოდე, მაგრამ მეორეა კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. ეს ცენტრი სწორედ ამისთვის შეიქმნა, რომ მოქალაქეებმა ციფრული ტექნოლოგიები აითვისონ და ამით საკუთარ თავს ახალი პერსპექტივები გაუჩინონ“, – ამბობს ბარბაქაძე.

რუსთავის ციფრული წიგნიერების ცენტრმა პირველი ტრენერები უკვე გადაამზადა. მერის თანაშემწე გვიყვება, რომ იმ ადამიანთა შერჩევა, რომლებსაც პირველ ეტაპზე ტრენერებად გადაამზადებდნენ, მუნიციპალიტეტს არ გასჭირვებია – ტრენერებად, უმეტესად, ქალაქში მოქმედი კოლეჯის – „მოდუსი“ – კურსდამთავრებულები გადამზადდნენ. ახლა უკვე ეს ახალგაზრდები იზრუნებენ დაინტერესებული თანაქალაქელების ციფრული წიგნიერების ამაღლებაზე.

რევაზ ბარბაქაძე, რუსთავის მერის თანაშემწე: „ტრენინგების პირველი კურსი აპრილის დასაწყისში ჩატარდა. ცენტრის ფუნქციონირების პრინციპი ასეთია: პირველი ტრენინგი მომავალი ტრენერებისთვის გაიმართა. კონტიგენტის შერჩევის პრობლემა არ გვქონია, რადგან რუსთავში ფუნქციონირებს კოლეჯი „მოდუსი“, რომელსაც აქვს IT მიმართულებაც. სწორედ ამ კოლეჯის კურსდამთავრებულები დაინტერესდნენ, რომ ამ მიმართულებითაც ეცადათ შესაძლებლობები, ვინაიდან მათ აქ დასაქმების პერსპექტივაც დაინახეს. 12 ახალგაზრდა შეირჩა, საიდანაც 9 „მოდუსის“ სტუდენტი იყო, დანარჩენი კი – რუსთაველი ახალგაზრდები. ეს ახალგაზრდები პრეტესტის საშუალებით შეირჩნენ, რომლის შემდეგაც მათ ჩაუტარდათ ტრენინგები და მიიღეს სერტიფიკატები. ახლა უკვე, ისევ GIZ-ის მხარდაჭერით, ეს ახალგაზრდები დაიწყებენ სხვა დაინტერესებული პირების გადამზადებას. პირველი ნაკადი, როგორც ტრენერები, ჩამოყალიბდნენ და ეს კარგია, ვინაიდან: 1. გვაქვს რესურსი, სადაც ციფრული განათლების მიღება შეგიძლია და 2. გვყავს ტრენერები, რომლებსაც უკვე სხვების გადამზადება შეუძლიათ.

ამ ცენტრის შექმნით, გარდა იმისა, რომ მივიღეთ ძალიან კარგი სივრცე ციფრული წიგნიერების ასამაღლებლად, ასევე, გაგვიჩნდა ახალგაზრდების გადამზადების დიდი რესურსი. მომავალში ვფიქრობთ, რომ შევქმნათ კურსები მოწყვლადი ჯგუფებისთვის. მაგალითად, ახალგაზრდებისთვის, რომლებიც გადიან სახელმწიფო მზრუნველობიდან და ხშირად პროფესიაც არ აქვთ, რომ თავი შეინახონ. ამ ადამიანებს ეს კურსები პროფესიის დაუფლებაში დაეხმარება“.

თელავის ციფრული წიგნიერების ცენტრი ყველა ასაკის თელაველის ინტერესების დაკმაყოფილებას გეგმავს

კიდევ ერთი მუნიციპალიტეტი, სადაც GIZ-ის მხარდაჭერით ციფრული წიგნიერების ცენტრი გასახსნელად ემზადება, თელავის მუნიციპალიტეტია. აქაც, ქედისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების მსგავსად, ფართი მერიამ გამოყო, მის სრულად აღჭურვაში კი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება დაეხმარა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ფიქრია ყუშიტაშვილი ფიქრობს, რომ ცენტრი უახლოეს მომავალში სრული დატვირთვით ამუშავდება და ის ყველა ასაკისა და მოწყვლადი ჯგუფების ინტერესების დაკმაყოფილებას შეძლებს.

ფიქრია ყუშიტაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე: „ამ ეტაპზე ცენტრში აღჭურვის ეტაპი დასრულდა, ახლა ვარჩევთ კადრს, რომელსაც მისი მართვა ჩაბარდება და ამის შემდეგ ის სრულყოფილად ფუნქციონირებას დაიწყებს.

რა თქმა უნდა, ჩვენ, უპირველესად, ახალგაზრდებზე ვთვლით და ცენტრი, უმეტესად, მათ საჭიროებებზე იმუშავებს, მაგრამ უკვე გვქონდა ჩვენს პარტნიორებთან საუბარი და სხვა მიმართულებებსაც დავამატებთ. მაგალითად, ვფიქრობთ, გავაკეთოთ პროექტი სოციალურად დაუცველებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის, რათა მათაც შეძლონ, მოვიდნენ ამ ცენტრში და მიიღონ ის ცოდნა, რასაც შევთავაზებთ. ამავდროულად, ვფიქრობთ, ასაკოვან ადამიანებსაც შევთავაზოთ ისეთი პროექტი, რომლითაც პრაქტიკულად ისარგებლებენ. ასევე, გვინდა, ცალკე პროექტი გავაკეთოთ შშმ პირებისთვის. თელავში გვაქვს პრეცედენტი, როცა უსინათლო გოგონამ აითვისა ხმოვანი პროგრამა და ციფრულ ტექნოლოგიებს სრულფასოვნად დაეუფლა. ჩვენ უკვე ვთხოვეთ მას, რომ ტრენინგები ჩაატაროს და ცოდნა სხვებსაც გაუზიაროს.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტთან, სადაც ცალკე ისწავლება ციფრული ტექნოლოგიები. ამ მემორანდუმის ფარგლებში, შეგვიძლია, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს პრაქტიკა ჩვენს ცენტრში გავატაროთ, დავაკვირდეთ მათ ცოდნასა და უნარებს და შესაძლოა, შემდეგ დავასაქმოთ კიდეც“.

ფიქრია ყუშიტაშვილის ინფორმაციით, ცენტრი ამჟამად თამაზ ანთაძის სახელობის სპორტულ სკოლაშია განთავსებული და ამავე ა(ა)იპ-ის დაქვემდებარებაშია, თუმცა, სამომავლოდ მუნიციპალიტეტს გეგმაში აქვს, რომ თელავში გაკეთდეს დიდი, მასშტაბური ახალგაზრდული ცენტრი, სადაც თავს მოიყრის სხვადასხვა სივრცე, მედიათეკა და ციფრული წიგნიერების ცენტრიც სწორედ ამ სივრცეში განთავსდეს.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ, ციფრული წიგნიერების ცენტრების გახსნის პარალელურად, უკვე შექმნა ონლაინპლატფორმა, რომელზეც ის კურსები და მოდულები განთავსდა, რომელთა სწავლაც ქედის, რუსთავისა და თელავის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოქალაქეებს შეეძლებათ. GIZ-ში იმედოვნებენ, რომ ამ რესურსის შექმნა რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს პრაქტიკულ ცოდნას მისცემს იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, საკუთარი მიზნების რეალიზება, მეორე მხრივ კი, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვა შეძლონ, ადგილობრივ თვითმმართველობებს კი გაუზრდის შესაძლებლობას, გაზარდოს ამ უნარებით აღჭურვილი მოქალაქეების მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობის განხორციელებაში.

გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) 1992 წლიდან ეხმარება საქართველოს კარგი მმართველობის, დემოკრატიის, მდგრადი ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით. 2020 წლის 1 აპრილიდან GIZ-მა დაიწყო ახალ პროგრამის განხორციელება – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროსთან სტრატეგიული თანამშრომლობით,  პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების სფეროების რეფორმირების პროცესს. მისი მიზანია, დაეხმაროს საჯარო დაწესებულებებს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე საჯარო სერვისების უკეთ მიწოდებასა და მოქალაქეთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში.  ციფრული წიგნიერების ცენტრების გახსნაც სწორედ ერთ-ერთი ნაბიჯია, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობას და მოქალაქეებს ამ მიზნის მიღწევაში უნდა დაეხმაროს.

სტატია მომზადებულია გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მხარდაჭერილი პროექტის – “კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიის შინაარსობრივ სისწორესა და მასში გამოთქმულ მოსაზრებებზე.