კახეთის სახელმწიფო რწმუნებულს პირველ მოადგილედ კახეთში “ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დაინიშნა

617

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულს ახალი პირველი მოადგილე ჰყავს. ვაკანტურ თანამდებობაზე, გუბერნატორმა ირაკლი შიოშვილმა, პლატონ კალმახელიძე დანიშნა. პირველი მოადგილის თანადებობაზე დანიშვნა, რადიო ჰერეთს, თავად კალმახელიძემ დაუდასტურა.

” გიდასტურებთ, რომ, გუშინ, 19 მაისს დავინიშნე პირველ მოადგილედ. იცით, რომ პირველი მოადგილე, ირაკლი შიოშვილი გუბერნატორად გადაიყვანეს. ეს პოსტი, მას შემდეგ ვაკანტური იყო”- განაცხადა კალმახელიძემ.

პირველ მოადგილედ დანიშვნამდე, კალმახელიძე, კახეთის ყოფილი გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა და 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, ქადაგიშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო.

პლატონ კალმახელიძე, 2014-2017 წლებში თელავის არჩეული მერის პოსტს იკავებდა.

2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ქართული ოცნება“ მას, თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად კვლავ განიხილავდა. მოგვიანებით, პარტიამ გადაწყვეტილება შეცვალა და 2017 წლის 4 სექტემბერს, თელავის მერობის კანდიდატად, შოთა ნარეკლიშვილი დაასახელა.

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობა, ვაკანტური 2021 წლის 9 თებერვლიდან, ირაკლი შიოშვილის რეგიონის გუბერნატორად დანიშვნის შემდეგ გახდა.