იტალიელები “ტორპედოს” ტოვებენ, ქუთაისის მერია ახალ ინვესტორს ეძებს

505
“ქუთაისიპოსტის” ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ  “ტორპედოს” დაფინანსებაზე იტალიელ ინვესტორთა ჯგუფი უარს ამბობს და კლუბს ტოვებს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.

სპონსორს უკვე ორი თვეა ფეხბურთელებისთვის ხელფასი არ გადაუხდია. ამავე მიზეზით, ამ დრომდე გაურკვეველია გუნდის მთავარი მწვრთნელის დანიშვნის საკითხი, რომლის პოზიციაზეც კლუბის ყოფილი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი მოიაზრება.

ქუთაისის მერია უკვე ეძებს ახალ ინვესტორს, რომელიც კლუბის მართვაზე პასუხისმგებლობას აიღებს.ადგილობრივ თვითმმართველობაში ამ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ინვესტორთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ცვლილებები არ არის. სამაგიეროდ, ინვესტორის მიერ კლუბის დატოვებას ადასტურებს “ტორპედოს” აღმასრულებელი დირექტორი.

“თვითონ ინვესტორები ვერ შეთანხმდნენ ფინანსურ საკითხებზე. ფაქტია, რომ ორი თვეა ხელფასი არ აუღია გუნდს. მერია აწარმოებს ყველა მოლაპარაკებას და ეძებს დაფინანსების ალტერნატიულ წყაროს”,  – ამბობს “ტორპედოს” აღმასრულებელი დირექტორი პაპუნა მელაძე.

იტალიელი ინვესტორები ქუთაისის ,,ტორპედოთი” 2020 წლის დასაწყისში​დაინტერესდნენ. მათი წარმომადგენელი ფაბიო მანინო ქუთაისშიც იმყოფებოდა, თუმცა, ის გასული წლის დეკემბერში სხვა წარმომადგენელმა, მარსიო მალავემტურამ ჩაანაცვლა. ახლა კი ირკვევა, რომ იტალიელ ინვესტორთა ჯგუფი კლუბს საბოლოოდ ტოვებს. მათ ქუთაისის მერიასთან ამ დრომე ხელშეკრულებაც კი არ აქვთ გაფორმებული.

 
ქუთაისის ,,ტორპედოში” სამი წელია ფინანსური პრობლემებია. ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც კლუბი 2017 წელს აუქციონზე 300 000 ლარად შეიძინა, დაგროვილი დავალიანების გამო 2019 წელს დატოვა.
 
ფინანსური კრიზისის გამო, კლუბი დაშლის საფრთხის წინაშე რამდენჯერმე აღმოჩნდა.