კობახიძე: კვლევა ჩავატარეთ და შემიძლია, საიდუმლო გაგანდოთ – კალაძე პირველ ადგილზეა რეიტინგით

236

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით კახა კალაძე თბილისის მერობის ყველაზე სასურველი კანდიდატი იქნება. რუსთავი 2-ის ეთერში “ღამის კურიერში” საუბრისას მან აღნიშნა, რომ მათივე ჩატარებული კვლევით, კალაძე რეიტინგში პირველ ადგილზე იყო.

“ჩვენ გვაქვს ბოლო დროს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები. რა თქმა უნდა, კვლევაში არ იყო დასახელებული ბიძინა ივანიშვილი, იქიდან გამომდინარე, რომ მან დატოვა პოლიტიკა.

დანარჩენი ყველა, ვინც არის აქტუალური პოლიტიკოსი და დღეს ჩართულია პოლიტიკაში, ყველას სახელი და გვარი ვიკითხეთ. შემიძლია, ერთი საიდუმლო გაგანდოთ, რომ კახა კალაძე არის პირველ ადგილზე რეიტინგით დღეს. ეს არის არსებული მოცემულობა, ის არის გამორჩეულად მაღალრეიტინგული ფიგურა ქართულ პოლიტიკაში და, შესაბამისად, მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული ოცნების გუნდში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ქართულ ოცნებას” თბილისის მერობის კანდიდატი ოფიციალურად არ დაუსახელებია. პარტიის ლიდერები აღნიშნავენ, რომ მოქმედი მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

კანდიდატი ოფიციალურად არ წარუდგენია არც ოპოზიციურ პარტიებს. უცნობია, ისინი საერთო კანდიდატს დააყენებენ თუ არა. ზოგიერთი აღნიშნავს, რომ თბილისის მერობის არჩევნებში ოპოზიციამ საერთო კანდიდატად “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ნიკა მელია უნდა განიხილოს.

18 მაისს “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დაადასტურა რომ გეგმავს თბილისის მერობისთვის იბრძოლოს და არც საერთო კანდიდატობაზე იტყვის უარს.