ქუთაისში #5 საავტობუსო ხაზი ახალი მარშრუტით იმოძრავებს

577
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიამ #5 ავტობუსის ახალი სვლაგეზი დაამტკიცა. 18 მაისიდან #5 ავტობუსი თაბუკაშვილის ქუჩიდან გუმათის ტერიტორიულ ერთეულში, ბერაძის ქუჩამდე იმოძრავებს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.

სვლაგეზების დაზუსტებისა და მოსახლეობის სამგზავრო მოთხოვნების გათვალისწინებით , #5 ავტობუსი გუმათის დასახლებას ჭავჭავაძის გამზირს, ასათიანის, ფალიაშვილის და დუმბაძის ქუჩებს დააკავშირებს.

17 ივნისიდან ქუთაისის მუნიციპალურ ავტობუსებში უკონტაქტო გადახდის სისტემა ამოქმედდა.

პირველ ეტაპზე მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც სპეციალურად დამზადებული ბარათით, ასევე, ნაღდი ფულით, რომელსაც მგზავრი ამ მიზნით დამონტაჟებულ ყუთში ჩააგდებს. უკონტაქტო ბარათის მფლობელებს კი თანხის გადახდა ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით შეუძლიათ.

ქუთაისში მუნიციპალურმა ავტობუსებმა მუშაობა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დაიწყო. მერიამ ქალაქში ტრანსპორტი ისე შემოიყვანა, რომ არ ჰქონდა მოწყობილი ავტოპარკი და არც ელექტრონული ტაბლოები დაუმონტაჟებია. ავანგარდის დასახლებაში ავტოპარკის მოწყობის სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, მოსაცდელებთან  ციფრული ტაბლოების მოწყობაზე ზრუნვა კი ადგილობრივ თვითმმართველობას ჯერ არ დაუწყია.

მუნიციპალური ავტობუსები ქუთაისის ბიუჯეტს 23 100 400 ლარი დაუჯდა.