2021 წლის I კვარტალში საქართველოში 136 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის (62.5%) რეგიონშია განთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე, განთავსებულია ქ. თბილისში (9.6%), ქვემო ქართლის (7.4%), აჭარის (7.4%), სამეგრელო-ზემო სვანეთის (5.1%), იმერეთის (2.9%), კახეთის (2.2%), გურიის (1.5%) და მცხეთა-მთიანეთის (1.5%) რეგიონში.
ამასთან, 2021 წლის I კვარტლის განმავლობაში მომსახურება 243 მომხმარებელს გაეწია.
„მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია – 307 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 1086 კაცით განისაზღვრა.
2021 წლის I კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 55.9 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 52.2% ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 20.2% ხილი და ბოსტნეული, 12.5% ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 9.9% თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა. სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2021 წლის I კვარტლის განმავლობაში შესყიდულია 6.2 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს – 4.9 მლნ. ლარი შეადგინა.
2021 წლის I კვარტლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 49.3 მლნ. ლარის ღირებულების (11.6 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 35.9 პროცენტი, ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების პროდუქციამ – 41.9%. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 63.9% მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (47.8%), პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (25.0 %) და თევზეული (17.6 %) წარმოადგენდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
„საქსტატის“ ინფორმაციით, სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე თევზეული, ქათმის ხორცი, ხილი და ბოსტნეული რეალიზებული იქნა.
2021 წლის I კვარტალში საქართველოში 46 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც კახეთის (41.3 %) რეგიონში იყო განთავსებული. მათივე ცნობით, ელევატორების 23.9% ფუნქციონირებს ქვემო ქართლის რეგიონში, 15.2% – შიდა ქართლის რეგიონში, 8.7% – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 4.3% – ქ. თბილისში, 4.3% იმერეთის და 2.2% გურიის რეგიონებში.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2021 წლის I კვარტლის განმავლობაში მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია – 94 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 912 კაცით განისაზღვრა.
„2021 წლის I კვარტლის განმავლობაში ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 121.7 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 79.9% წარმოადგენდა ხორბალი, ხოლო დანარჩენ პროდუქციას (სიმინდი, ქერი, ქატო და ა.შ) უმნიშვნელო წილი ჰქონდა.
2021 წლის I კვარტლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდულია 108.1 მლნ. ლარის ღირებულების 103.5 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 47.7% ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების იყო. ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) წარმოშობის პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 78.7%”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციის თანახმად, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 38.3 პროცენტს, თებერვალში – 37.5%-ს, ხოლო მარტში 35.9%-ს.
უწყების ცნობით, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 61.0%-ს, თებერვალში – 56.0%-ს, ხოლო მარტში – 47.7%-ს.