თალაკვაძე: თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძეს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს

311

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ უარყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქის მერის არჩევნებზე მისი კანდიდატურის დასახელება განიხილება. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა კახა კალაძე არის „ქართული ოცნების“ გამორჩეული ლიდერი და თბილისის წარმატებული მერი და მას თვითმმართველობის მომავალ არჩევნებზე აქვს გუნდის სრული მხარდაჭერა.

„როგორც წესი, ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე წარვადგენთ ხოლმე ჩვენი გუნდის კანდიდატს არჩევნებში, ასე მოხდება ახლაც. გთხოვთ, რომ დაველოდოთ მოვლენებს. როგორც იცით, თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზე იმართება და ჩვენ აუცილებლად საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენს კანდიდატებს. კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, ის არის ძალიან წარმატებული მერი და, რა თქმა უნდა, აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა თვითმმართველობის არჩევნებზე. კონსულტაციები ნამდვილად დაწყებულია, პარტიის თავმჯდომარე ამაზე კიდევ უფრო მეტს გეტყვით. ჩვენ სამზადისი დავიწყეთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რაც შეეხება მერობის კანდიდატურას, ჩვენი სურვილი არის და ჩვენი სრული მხარდაჭერა თბილისის მერის არჩევნებში აქვს კახა კალაძეს,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთანავე, მან იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოება მერობის კანდიდატებს გაკეთებული საქმით შეაფასებს და მხარს დაუჭერს კანდიდატის სამომავლო გეგმებს.

„დღეს დედაქალაქის მერმა წარადგინა ურბანული განვითარების მიმართულებით 4- წლიანი ანგარიში, სადაც ჩანს, რომ თბილისი სწორი მიმართულებით ვითარდება. სახეზეა პროგრესი და ურბანული მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ევროპული პროექტები განხორციელდა, რაც ჩვენს დედაქალაქს კიდევ უფრო მიმზიდველსა და კომფორტულს ხდის საცხოვრებლად. რა თქმა უნდა, მან, ასევე, ცალსახად თქვა, რომ ეს არის პროცესი, რაც ნიშნავს იმას, რომ წინ არის ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები, რომლის განხორციელებასაც ჩვენი გუნდი კახა კალაძის ხელმძღვანელობით შეეცდება მომავალში. წინ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები საქმით შეაფასებენ დედაქალაქის მერის გამოცდილებას და მის სამომავლო გეგმებსაც დაუჭერენ მხარს,“- განაცხადა თალაკვაძემ.