სერგეენკო: თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

434

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, „ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით პარტიაში კონსულტაციები გრძელდება.

როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„ვაცნობიერებ საზოგადოების მაღალ ინტერესს, რომ იცოდეს, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ საკითხზე კონსულტაციები ჯერ გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ასეთი გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღება. ალბათ, ცოტა ხანში კანდიდატის ვინაობა ცნობილი იქნება. კახი კალაძეზე მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია, მაგრამ უალტერნატივობა ბუნებაში არ არსებობს, ყველამ უნდა დაამტკიცოს მისი ძლიერი მხარეები და მიიღოს ამომრჩევლის უმრავლესობის მხარდაჭერა“, – განაცხადა სერგეენკომ.