სიღნაღის სოფლების საქობოს და მაშნაარის მოსახლეობა საძოვრების აუქციონზე გატანას აპროტესტებენ

584

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების, საქობოს და მაშნაარის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

ადგილობრივები მუნიციპალიტეტში 250 ჰექტარი ფართობის საძოვრების აუქციონზე გატანას აპროტესტებენ და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოცხადებული აუქციონის შეწყვეტას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეების განმარტებით, სოფელს საძოვარი საქონლის გამოსაკვებად სჭირდება, სხვაგვარად, ასობით ოჯახს შიმშილი უმუქრება.

მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ყველა ის ტერიტორია, რომელსაც სახელმწიფომ სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის სტატუსი მიანიჭა, გასხვისდება, ან მრავალწლიანი იჯარით, მიწების მსხვილ მფლობელებს გადაეცემა.

მათი თქმით, ცოტა ხნის წინ, ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე 280 ჰექტარი საძოვრიდან, 250 ჰექტარ მიწის ფართობს, სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთის სტატუსი მიენიჭა. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკის სამინისტრო სოფელ მაშნაარისა და საქობოს მოსახლეობის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ადგილობრივები მასშტაბური პროტესტით იმუქრებიან.