მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ხიხანის ამბულატორიისა და წერაქვის ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაციას გეგმავს. სარეაბილიტაციო სამუშაოების საჭირო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვისათვის ადგილობრივმა თვითმმართვეოლობამ 4 661 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
წერაქვის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ირაკლი ხაფთანი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, შენობის ძირითადი პრობლემა სახურავიდან ჩამოსული წყალია.
„შენობაში ჩამოდის წყალი, დაახლოებით 5-6 წლის წინ არის სახურავი შეცვლილი, თუმცა დეფორმაცია აქვს მიღებული და ჟოლოფიდანაც ჩამოდის ერთ მხარეს წყალი. გვერდით ამბულატორია გვაქვს და აპარატურა გვაქვს შენახული და ვერ ვხსნით იმის გამო, რომ წყალი ჩამოგვდის“ – ამბობს ირაკლი ხაფთანი
როგორც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერშია აღნიშნული, სოფელ წერაქვის ადმინისტრაციული შენობის ძირითადი სამუშაოები იატაკისა და კედლების რეაბილიტაცია იქნება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 20 000 ლარია.
რაც შეეხება სოფელ ხიხანს, იგეგმება ამბულატორიის შენობის დაზიანებული სახურავისა და იატაკის რეაბილიტაცია, ასევე სველი წერტილებისათვის რეზერვუარის მონტაჟი. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 12 000 ლარია.
მარნეულის მუნციპალიტეტის, სოფელ ხიხანის სამედიცინო პუნქტის და სოფელ წერაქვის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის ტენდერი 10 მაისს გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 19-დან 21 მაისის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში შეასრულოს.