ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მოქალაქეები, რომლებსაც უნდათ აცრის გაკეთება, თუმცა ვაქცინების შეზღუდული რაოდენობის გამო ამას ვერ ახერხებენ, “ცოტა ხანი უნდა დაელოდონ თავის დოზას”.
“შესაძლოა გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვიოს, რაღაც კონკრეტულ შემთხვევაში, როცა მოქალაქე რეკავს და არ არის ამ კონკრეტულ მომენტში ხელმისაწვდომი ვაქცინა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ მოკლე ხანში ჩვენ კიდევ დამატებით გვექნება Sinopharm-ის მობილიზების შესაძლებლობა, Sinovac-იც, რა თქმა უნდა, დაგვეხმარება. ასევე, Covax-დან მოლოდინი გვაქვს, რომ ივლისიდან Novavax და Johnson & Johnson უნდა დაემატოს.
მანამდე, პროცესი არის საკმაოდ აქტიური — 5 000-მდე დღიური ვაქცინაცია კარგი მაჩვენებელია. ასე რომ, ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, მოქალაქეები, რომლებიც განწყობილი არიან ვაქცინაციისთვის, ცოტა ხანი უნდა დაელოდონ თავის დოზას. მეც ველოდები ჩემს დოზას. ჯერ არ გამიკეთებია ვაქცინა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მქონდა ამის შესაძლებლობა, მაგრამ, დაველოდები, ვიდრე დიდი რაოდენობა მოსახლეობის მოცული არ იქნება”, — განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს ისაუბრა იმაზეც, რომ Sinopharm-ის ვაქცინები თითქმის სრულად გამოყენებული ან დაჯავშნილია, დარჩენილი ზოდები კი სტრატეგიული ჯგუფებისთვის — პოლიციისა და პენიტენციური სისტემაში დასაქმებული ადამიანებისთვის არის დარეზერვებული.