”ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ვაკის მე-2 საარჩევნო ოლქში ”საარჩევნო კოდექსის” დარღვევის ფაქტი ფიქსირდება

944

ვაკის მე-2 საარჩევნო ოლქში საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევის ფაქტი ფიქსირდება – შენობაში, სადაც 27-ე საარჩევნო უბანი მდებარეობს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბია განთავსებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კოტე იოსელიანმა განაცხადა.

კოტე იოსელიანი ცესკო-ს მოუწოდებს, გამოავლინოს და დასაჯოს კანონდარღვევაში მონაწილე პირები და პოლიტიკური სუბიექტები, ხოლო აუდიტის სამსახურს მიმართავს, შემოწირულობების კანონიერებით დაინტერესდეს.

„ჩვენ ვიმყოფებოდით ადგილზე, სადაც მმართველი პარტიის ოფისი სამუშაო მდგომარეობაში დაგვხვდა, შტაბის წარმომადგენელმა კი ღიად დაგვიდასტურა, რომ ის პარტიის წინასაარჩევნო კამპანიას ემსხაურება. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 58-ე მუხლი კრძალავს პარტიის/ამომრჩევლთა საინიციატივო ჯგუფის კუთვნილი საარჩევნო შტაბის იმ შენობაში განთავსებას, სადაც საარჩევნო კომისიაა განთავსებული.

ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაინტერესდეს აღნიშნული კანონდარღვევით და იმოქმედოს კანონის შესაბამისად – გამოავლინოს და დასაჯოს კანონდარღვევაში მონაწილე ყველა პირი და პოლიტიკური სუბიექტი. ასევე, მივიმართვ აუდიტის სამსახურს გამოიკვლიონ რამდენად კანონიერად არის აღნიშნულ ფართზე განხორციელებული შემოწირულობა.

ზემოთხსენებული ფაქტი ეჭვქვეშ აყენებს თვითმმართველობის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების შესაძლებლობას“, – განაცხადა კოტე იოსელიანმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი