ბოლნისში ფარნავაზ მეფისა და რუსთაველის ქუჩებზე ქვაფენილს აგებენ, ღობეებსა და ჭიშკრებს კი აწესრიგებენ

479

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგკებში, ბოლნისში ფარნავაზ მეფისა და რუსთაველის ქუჩებზე ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილის დაგება მიმდინარეობს, ქუჩებზე ასევე ღობეებისა და ჭიშკრების რეაბილიტაციაც განხორციელდება.

“ქვაფენილის დაგება, ღობეებისა და ჭიშკრების რეაბილიტაცია მიმდინარეობს მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩებზეც. ასევე, სოფელ ბალიჭში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, სამუშაოების სრული ღირებულება 2 398 086 ლარს შეადგენს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

2021 წელს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტში 4 385 353 ლარის ღირებულების 8 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით შესრულდება და მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა აღნიშნულ პროექტებში 247 647 ლარი იქნება.

“მოგეხსენებათ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გახლავთ როგორც უშუალოდ ქალაქში, ასევე სოფლად. დღეს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან ერთად მოვინახულე ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. წელს აღნიშნული ფონდი 8 პროექტს აფინანსებს, რისთვისაც 4 მილიონ 400 ათას ლარამდე დაიხარჯება. ამას გარდა, წელსვე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება“, – განაცხადა  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.