„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრის, რეზო ხარაზის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირები სახელმწიფო ქონებას კორუფციული გზით განკარგავენ.
მისი თქმით, 2013 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში 50 პროექტში ერთი მილიარდი ლარი კორუფციული გზით გაიხარჯა. როგორც ის აღნიშნავს, საუბარია მახინჯაურში მზიურის ტერიტორიის გასხვისებაზე, ქობულეთში მწვანე ქალაქისა და ბათუმში ალიანს ჯგუფზე გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე. ამასთან, მწვანე კონცხზე ბიძინა ივანიშვილზე გადაცემულ ტერიტორიაზე.
რეზო ხარაზი საგამოძიებო ორგანოებს აღნიშნული ფაქტებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
„წლების განმავლობაში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, როგორც ჩვენს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ არაერთგზის იქნა მხილებული „ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირები ბიუჯეტის, ხალხის ფულის და სახელმწიფო ქონების არამიზნობრინად ხშირად კი კორუფციული გზით განკარგვაში. თქვენ იცით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით მომზადდა კონკრეტული პაკეტი, სადაც 2013 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში მხოლოდ 50 პროექტში 1 მილიარდი ლარი იქნა კორუფციული გზით გახარჯული. დოკუმენტები გადაიგზავნა პროკურატურაში, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია საგამოძიებო სამსახურების მხრიდან. უფრო მეტიც, დღემდე ის მაღალი თანამდებობის პირები ინარჩუნებენ თანამდებობებს, ხშირად „ქართული ოცნება“ ახალისებს და აწინაურებს კიდეც, ეს ყველაფერი კი პირდაპირ აისახება ჩვენს მოსახლეობაზე, რომელიც ყოველდღიურად ღარიბდება, ხოლო ხალხის ხარჯზე ვღებულობთ თანამდებობის პირებს, რომლებიც ყოველდღიურად ჩვენს ხარჯზე მდიდრდებიან“, – აცხადებს რეზო ხარაზი.