სასამართლომ პატიმრობა გირაოთი შეცვალა — ნიკა მელია ციხეს ტოვებს

464

შედეგი სტატია

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელია მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.

სხდომას არ ესწრებოდა თავად ბრალდებილი ნიკა მელია, ვინაიდან ის სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე მოსამართლის გადაწყვეტილებით გაძევებულია.

სასამართლოს მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

ბრალდების მხარე ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 40 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლას ითხოვდა, დაცვის მხარე კი ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

ნიკა მელიას გირაოს თანხა – 40 000 ლარი ევროკავშირმა ორი დღის წინ გადაიხადა. აღნიშნული თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა 13 აპრილს.

ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა – მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც. ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

პროკურატურას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი 88 ხმით მოუხსნა.

ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.