მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის სხვადასხვა ტიპის 87 პროექტი დაფინანსდა. ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ დაფინანსებული პროექტების ჯამური ღირებულება 1 355 778 ლარია.
40 მისამართზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, 47 კორპუსში კი ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება.
წყალარინების მოძველებული ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ცოტნე დადიანის 144/14-ში, სადაც ახალი მილები 492 გრძივ მეტრზე მოეწყობა, ასევე, 12 საკომუნიკაციო ჭა დამონტაჟდება.
მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო.
„მოძველებული კომუნიკაციების გამო ამ კორპუსს ბევრი პრობლემა შეექმნა. ამ ეტაპზე წყალარინების ქსელს ვცვლით და შემდეგ მთლიან ეზოში კაპიტალურად შეკეთდება გზის საფარი. აღნიშნული პროექტით 58 ოჯახს მოუგვარდება პრობლემები“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
სამუშაოების ღირებულება 158 000 ლარს შეადგენს. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.