დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მორიგ მონიტორინგზე ჩასულებს, დიდხანს ნანატრი ახალი ამბავი დაგხვდა – ბექობის არწივმა ჩვენ მიერ 4 წლის წინ აშენებულ ხელოვნურ ბუდეში პირველად დაიბუდა, – აცხადებენ “საბუკო – საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის” წარმომადგენლები.
“ამ ტერიტორიაზე ბექობის არწივის ინდივიდებს ყოველთვის ვამჩნევდით, თუმცა გაშლილ ველზე მათ დასაბუდებლად მოსახერხებელი არაფერი მოიძებნებოდა, ამიტომ, 2016 წელს, პირველი ხელოვნური ბუდე სწორედ აქ დავდგით.
ბექობის არწივს ბუდეებს ხშირად მიზანმიმართულად უნგრევენ, მათზე ნადირობენ ან სხვა გზებით აწუხებენ სახეობას, ამიტომ ის გადაშენების პირასაა მისული.
2016 წლიდან, ბექობის არწივის დაცვასა და კონსერვაციაზე მუშაობა საბუკოს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. მთელი ამ დროის მანძილზე, ყველაზე მეტი – 17 მობუდარი წყვილი წელს აღვრიცხეთ.
იმედი გვაქვს, ჩვენ მიერ შემჩნეული ეს წყვილიც ბუდობას მშვიდობიანად დაასრულებს და გამოჩეკილ ბარტყებსაც უსაფრთხოდ წამოზრდის”, – ნათქვამია ფეისბუქ პოსტში.