ქუთაისში “გვირილობა” წელსაც მასშტაბური ღონისძიებების გარეშე ტარდება

541

ქუთაისის ტრადიციული დღესასწაული “გვირილობა” წელსაც მინიმალური პროგრამით ტარდება. კორონავირუსის პანდემიის გამო ქალაქში, ძირითადად, გამოფენები და მცირე მასშტაბის პერფორმანსებია დაგეგმილი.

2 მაისს, ქალაქის ტრადიციული დალოცვის რიტუალი ჩატარდა ბაგრატის ტაძარში. ლოცვა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ აღავლინა. 12 საათიდან გაიმართა ფოტოგამოფენები, სადაც წარმოდგენილი იყო ქუთაისელი მხატვრების ფოტოები ქუთაისის შესახებ, ასევე, გამოიფინა სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები. 13 საათზე დაგეგმილი იყო სამი ოთარის ძეგლის ტრადიციული პატივგება და “გიმნაზისტკების” პერფორმანსი. ღონისძიებების უმრავლესობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გაიმართა.

სამ მაისს ღონისძიებები არ ჩატარებულა. ოთხი მაისიდან 12 მაისის ჩათვლით, ასევე, შეზღუდვის პირობებში გაიმართება თოჯინების თეატრის სპექტაკლი, ნიღბების თეატრის წარმოდგენა, ყვავილებისა და ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა, წიგნების ფესტივალი და ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირი. 8-12 მაისს კი ქალაქი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს უმასპინძლებს.

რა უჯდება ქალაქის ბიუჯეტს პანდემიის პირობებში გვირილობის აღნიშვნა, მერია ხარჯებს არ ასაჯაროებს.