ვალეში, ე.წ. მოკრულების ტერიტორიაზე არსებული სარწყავი წყლის არხის პრობლემა ადგილობრივებს წლებია აწუხებთ. მათი თქმით, 2015 წელს დაზიანებული ძველი არხის აღდგენას მეექვსე წელია უშედეგოდ ითხოვენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
არხი, რომლითაც ვალეში 20–მდე პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები ირწყვებოდა, 2015 წლის გაზაფხულზე სტიქიის გამო დაზიანდა. ადგილობრივების თქმით, თვითმმართველობამ არხის აღდგენა იმავე წელს დაიწყო, მაგრამ საქმე ბოლომდე არ მიიყვანა.
„ტრაქტორი შეიყვანეს ისეთ ადგილებში სადაც არ იყო საჭიროება და უარესად დააზიანეს. ხეებიც უმიზეზოდ მოგლიჯეს. მაშინ, როცა გაწმენდა დაიწყეს გვპირდებოდნენ, რომ ამ არხში წყალი გაივლიდა. ბოლოს კი გვითხრეს, რომ ჩვენ წყლის შეშვება არ გვეწერა პროექტშიო“, – ამბობს ადგილობრივი პავლე ათუნაშვილი.
მისივე თქმით, ძველი სარწყავი არხის გაუქმების შემდეგ, ხეხილის ბაღები გახმა, ნათესები კი წვიმის იმედად დარჩა. პრობლემას ემატება ისიც, რომ არასწორად გაკეთებული ახალი სარწყავი არხის გამო, მდინარის ადიდების დროს, ნაკვეთებიც იტბორება.
„ერთ წელს მდინარის დონემ დაიკლო და არხში წყალი აღარ შედიოდა. გამოგზავნეს ტრაქტორი, რომელმაც რამდენიმე ხე მოგლიჯა და არხში წყლის დონის მომატების მიზნით მდინარეში ჩააგდო, ამ ქმედებით პრობლემა დროებით მოაგვარეს, მაგრამ შედეგებზე არ უფიქრიათ. ამიტომაა, რომ ახლა როცა მდინარე დიდდება აგუბებს წყალს და ნაკვეთებს ტბორავს. ეს ხეები ნაგავსაც აგროვებს, შემდეგ დაგროვილი წყალი და ნაგავი ჩვენს ნაკვეთებში შემოდის. ამის გამო დაჭაობდა ტერიტორია, გამოუსადეგარი გახდა“, – ამბობს პავლე ათუნაშვილი.
ამავე (ე.წ. მოკრულების) ტერიტორიაზე ფლობს მიწის ნაკვეთს, ვალის მკვიდრი, ტრისტან ჩიტაშვილიც. მისი თქმით, უწყლობის გამო ნაკვეთში ხეხილი გახმა, დაპირების კი, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა აძლევს, აღარ სჯერა.
პრობლემის თაობაზე ვალის მცხოვრებლებმა „საერთაშორისო გამჭირვალობა–საქართველოს“ მიმართეს. ორგანიზაციამ აღნიშნული პრობლემის ადვოკატირების მიზნით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს, ზაზა მელიქიძეს, 20–მდე ადგილობრივის ხელმოწერილი განცხადებით პირველად 2019 წელს მიმართა. მაშინ მერმა განაცხადა, რომ პრობლემა 2020 წელს მოგვარდებოდა და არხი გაიწმინდებოდა, თუმცა აღნიშნული დაპირება არ შესრულებულა. იგივე თხოვნით ორგანიზაციამ მერიას 2020 წლის ივნისსა და 2021 წლის აპრილშიც მიმართა.
აღნიშნულ საკითხზე „სამხრეთის კარიბჭე“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან, ზაზა მელიქიძესთან და მის მოადგილესთან, გურამ მელიქიძესთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მათგან პასუხი ვერ მივიღეთ.
ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი მხოლოდ ის განაცხადეს, რომ: “ვალეში ე.წ “მოკრული თინარი მაზანი“-ს ბუნებრივ სარწყავ არხთან დაკავშირებით შეისწავლეს არსებული მდგომარეობა. არხის მონაკვეთი არის მეწყერულ ზონაში და ტერიტორია საჭიროებს გამაგრებით სამუშაოებს“.
პავლე ათუნაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი პრობლემას დროულად არ მოაგვარებენ იმ არხის სათავეს გადაკეტავს, რომელიც დაზიანებული ძველი სარწყავი არხის ალტერნატივად „დროებითი“ გამოყენებისთვის გაკეთდა.
„გადავკეტავ და თუ სხვა გზა არ დამიტოვეს. 2015 წელს გვითხრეს, რომ ეს დროებითია და ძველ არხს აღვადგენთო, მას შემდეგ ჰგონიათ, რომ გავჩუმდით და დაგვავიწყდა ეს დაპირება“, – ამბობს პავლე ათუნაშვილი.
ადგილობრივები პრობლემის გადაჭრის რამდენიმე შესაძლო გზაზე საუბრობენ:
– ახალი სარწყავი არხის შესასვლელი უნდა დაიკეტოს და აღდგეს ძველი არხი, რომლითაც მიმდებარე ტერიტორიაზე ყველა ნაკვეთი მოირწყვება.
– გაკეთდეს ახალი სარწყავი არხის სათავე ისე, რომ ყველამ ისარგებლოს წყლით და არავის ნაკვეთს დაემუქროს დატბორვის და ურწყავობის საფრთხე.
– იმ შემთხვევაში, თუ მერია ძველ არხს არ აღადგენს, მაშინ, გამოიყვანოს ნაკვეთებამდე ელექტროენერგია უახლოესი ქვესადგურიდან, რის შემდეგაც ნაკვეთების მფლობელები თავად დაამონტაჟებენ სატუმბ მოწყობილობას შემდგომი გამოყენებისთვის.
რას გადაწყვეტს საკითხის მოსაგავრებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, ამ დროისთვის უცნობია. ფაქტი კი ისაა, რომ დღემდე 20–მდე ოჯახი საკუთრებაში არსებული ნაკვეთით ვერ სარგებლობს.