ლანჩხუთში რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ

1027

ლანჩხუთში რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. ინფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს.

“სამწუხაროდ, მოსახლეობა და მათი პრობლემები მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა არჩევნებია კარს მომდგარი. დაივლიან ქუჩებს, უბნებს, ოჯახებს და ცრუ დაპირებებით თვალებს გვიხვევენ. წელსაც არჩევნების წელია, იმედია, რაიონის ხელმძღვანელობა ახლა მაინც მოგვაქცევს ყურადღებას და ჩვენი პრობლემის მოსაგვარებლად რაიმეს იღონებს”, – ამბობენ ადგილობრივები და იმ გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ საუბრობენ, რომელიც მათ წლებია აწუხებთ.

მოსახლეობის ინფორმაციით, ქალაქის ტერიტორიის ის ნაწილი, რომელიც რკინიგზის სადგურის მიმდებარედაა, უკვე ბევრი წელია, ყველასგან მივიწყებულია და აქაურობის მოწესრიგებაზე თავს არავინ იწუხებს.

“პირველ რიგში, რკინიგზის ლიანდაგთან მდებარე არხები უნდა გაკეთებულიყო _ ყველა ქუჩის ნიაღვარი აქეთ იყრის თავს. ერთხელაც, წყალდიდობა არ აცდება აქაურობას. რა დააშავა არაცენტრალურმა ლანჩხუთმა?! მატარებლიდან ბევრი უცხო თვალი ხედავს აქაურობას და სირცხვილია ამდენი ორმო-ტალახების დანახვა. წლებია, ასეთი მდგომარეობაა, იქნებ, ახლა მაინც მოაგვარონ. გაუსაძლისია უკვე აქ ცხოვრება ინფიცირების კერად იქცევა მალე აქაურობა. დავიჯეროთ, ამ ხნის მანძილზე ერთხელ მაინც არ მოუწიათ ჩვენს მაღალჩინოსნებს “გურიას” სტადიონზე ჩასვლა?!  ჩვენი ნათქვამის თუ არ სჯერათ, საკუთარი თვალით მაინც ვერ ხედავენ, რა მდგომარეობაშია აქაურობა?! წვიმაში წყალი დაგახრჩობს და მზეში _ მტვერი. ტვინის შერყევა დაგემართება კაცს ამ “იამებში” ხტუნვით. აქეთ ვერც მანქანით და ვერც ფეხით გაივლი ადამიანი წესიერად. “გურია” უმაღლეს ლიგაში რომ გადავიდა, მგონი, იმის მერე არავის უზრუნია ქალაქის ამ ნაწილის მოწესრიგებაზე. სირცხვილია, სირცხვილი”, – ამბობენ  პრობლემით შეწუხებული ადგილობრივები.

მოსახლეობის ინფორმაციით  რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სასწრაფო წესითაა მოსაგვარებელი, როგორც გზის საფარის, ისე სანიაღვრე არხების პრობლემა:

“იმის გამო, რომ სანიაღვრე არხები არ იწმინდება, ყოველი წვიმის შემდეგ მოვარდნილი ნიაღვარი პირდაპირ სამანქანო გზაზე მიედინება, ფეხით მოსიარულეებისთვის კი გადაადგილების პრობლემა დგება. ეს არხები ქვეწარმავლებისა და ანტისანიტარიის ბუდედაა  ქცეული. ფაქტობრივად,  ჭაობია აქ. აუტანელია ეს ყველაფერი. იქნებ, გამოფხიზლდეს ადგილობრივი ხელისუფლება და მიხედოს აქაურობას, ნაომარს რომ ჰგავს! პირად საუბრებში ყველა აღიარებს, რომ მისახედია აქაურობა, მაგრამ რეალურად არაფერი კეთდება”,  _ ამბობენ ადამიანები, რომლებიც ლანჩხუთში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

საგულისხმოა, რომ ზემოთ ნახსენები პრობლემის თაობაზე ურუშაძის ქუჩის მცხოვრებლებმა ერთობლივი განცხადებით ლანჩხუთის მერიას გასული წლის გაზაფხულზე მიმართეს და საკითხის მოსაგვარებლად დახმარება ითხოვეს:

ყოველი წვიმის შემდეგ იტბორება ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც გამოწვეულია რკინიგზის სადგურის წინ მდებარე არხის უფუნქციობით. მოსახლეობის თხოვნაა, მოხდეს ამ სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია ან ახალი სანიაღვრე არხის მოწყობა. არხის მოუწყობლობა გამოიწვევს სხვადასხვა ინფექციის კერის წარმოქმნას”, _ ეწერა ურუშაძის ქუჩის მცხოვრებთა ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს ათეულობით ადამიანი აწერდა და მისი უშუალო ადრესატი მუნიციპალიტეტის პირველი პირი ალექსანდრე სარიშვილი იყო.

ურუშაძის ქუჩის მოსახლეობა ამბობს, რომ მაშინდელ მათ განცხადებას გარკვეული შედეგი მოჰყვა, თუმცა, სამწუხაროდ, დროებითი ეფექტის მქონე.

“მოვიდნენ და მოვალეობის მოხდის მიზნით გაწმინდეს ზერელედ. საარჩევნო წელი იყო და ვითომ ყურადღება გამოიჩინეს. თავად შესრულებულ საქმეში კი გაწერეს და პრობლემა, რომელიც  უკვე წლებია, გვაწუხებს, ისევ მოუგვარებელია,  წვიმის დროს ისევ გვეტბორება ეზოები და სახლის პირველი სართულები. ამ ცოტა ხნის წინ ჩვენ, მოსახლეობამ საკუთარი ძალებით გავწმინდეთ ეს რკინიგზისპირა არხი, მაგრამ რას შველის ეს საქმეს?! შიშველი ხელებით რა უნდა ვქნათ?! სერიოზული მისახედია აქაურობა, ტექნიკაა საჭირო ამის მოსაწესრიგებლად”, – ამბობენ ადგილობრივები.

იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც რკინიგზის სადგურის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზეა, “გურია ნიუსი” კომენტარისთვის ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს გიგი გვარჯალაძეს დაუკავშირდა, რომელიც საკრებულოში ინფრასტრუქტურის კომისიას ხელმძღვანელობს.

გვარჯალაძე ამბობს, ინფრასტრუქტურული კუთხით პრობლემები აქ მართლაც არსებობს; ამის თაობაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაც კარგადაა ინფორმირებული და საკითხის მოსაგვარებლად განხილვები მიმდინარეობს.

ფოტო: გურია ნიუსი