ცესკო: ცესკოში განხორციელებულ რეორგანიზაციაზე და მიმდინარე აქტივობებზე ცრუ ინფორმაცია ვრცელდება

434

ცესკოს ინფორმაციით, ცესკოში განხორციელებულ რეორგანიზაციაზე და მიმდინარე აქტივობებზე ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შესაბამისად, სიცრუეა გავრცელებული, რომ ცესკოს მდივნის უფლებამოსილება გაიზარდა და მდივნის აპარატის დაქვემდებარებაში გადავიდა სამი ყველაზე დიდი დეპარტამენტი, მათ შორის ერთ-ერთი არარსებული.

„დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელდა მცდარი და ცრუ ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე აქტივობებთან დაკავშირებით. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რაციონალური და ეფექტიანობაზე ორიენტირებული რეორგანიზაცია, რომელიც კომისიაში არსებული რესურსების უფრო გონივრულ გადანაწილებას გულისხმობს და ორიენტირებულია თანამშრომლების საქმიანობის გაუმჯობესებაზე, შეფასდა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის და პოლიტიკური პარტიის მიერ დისკრედიტაციულად და ამ მიმართულებით გაჟღერდა არაერთი სიცრუე: თითქოს სამი დეპარტამენტი გადადის ცესკოს მდივნის აპარატის დაქვემდებარებაში. ორგანიზაციის მიერ დასახელებული სამი დეპარტამენტიდან ერთ-ერთი, მაგალითად, არც კი არსებობს.

მოგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით რეორგანიზაცია განახორციელა მარტის თვეში. აღნიშნული რეორგანიზაციით მოხდა ცესკოს აპარატის ფუნქციების განახლება და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ისე დახარისხება, რითაც კიდევ უფრო ეფექტური გახდა თითოეული სტრუქტურული ერთეულის პროფესიული საქმიანობა. თუ მომავალში იქნება მსგავსი გადაწყვეტილებები მიღებული, რა თქმა უნდა, ეს იქნება ორიენტირებული ადმინისტრაციის საქმიანობის გაუმჯობესებაზე.

ცესკოს მდივნის აპარატი ცესკოს მდივნისთვის განსაზღვრული საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებში იმ ფუნქციების განსახორციელებლად შეიქმნა, რაც წლების მანძილზე რეგულირდება საარჩევნო კანონმდებლობით. შესაბამისად, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცესკოს მდივნის უფლებამოსილება გაიზარდა და მდივნის აპარატის დაქვემდებარებაში გადავიდა სამი ყველაზე დიდი დეპარტამენტი, მათ შორის ერთ-ერთი არარსებული.

დღეს ასევე ითქვა, რომ ცესკო თანამშრომლებს უკრძალავს მედიასთან კომუნიკაციას. ჩვენ კი ცალსახად ვაცხადებთ, რომ ცესკო ყოველთვის მოქმედებს კანონმდებლობის სრული დაცვით, იმგვარად, რომ ადმინისტრაციაში მიმდინარე ყველა სიახლე იყოს ყოველთვის საჯარო და ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის. ცესკო მოქმედებს შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე ყველა ჩართულ მხარესთან, მათ შორის მედიასთან კომუნიკაციის დროს და შესაბამისად მედიასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელია საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი და პრეს-სპიკერი. შეგიძლიათ იხილოთ შინაგანაწესი, სადაც დაცულია მედიასთან ურთიერთობის ყველა სტანდარტი.

მანიპულირება თემით, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციას თანამშრომლები ტოვებენ და ეს რაიმე კონკრეტულზე მიუთითებს – ასევე არის არასწორი და მიმართულია ადმინისტრაციის დისკრედიტაციისკენ, – რაც არაერთხელ ითქვა ჩვენს მიერ. ეს არის კამპანიის ნაწილი, რომელიც ორიენტირებულია ცესკოს დისკრედიტაციაზე და ხშირად გადაიზრდება ხოლმე ხელმძღვანელი პირების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებაში, რაც ასევე ინსტიტუციას აყენებს ზიანს”, – ნათქვამია განცხადებაში.