ორბელიანების სასახლეში ქართული ენის დაცვისა და განვითარებისათვის ციფრული ინსტრუმენტების შექმნის ხელშეწყობისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღევანდელ დღეს და თანამედროვე პირობებში, ქართული ენის დაცვა და განვითარება თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადის.
„ჩვენ თუ ვფიქრობთ, დღევანდელ დღეს, თანამედროვე პირობებში, როგორ უნდა იყოს დაცული და განვითარებული ქართული ენა, ეს საკითხი თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადის. ცალკეულმა ინდივიდუალურმა წამოწყებებმა შეძლეს ის, რაც სახელმწიფომ ჯერ ვერ შეძლო. ჩვენი აქ შეხვედრა სწორედ იმისთვისაა, რომ ვიფიქროთ სახელმწიფოებრივად და თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ამ მიმართულებით.
ძალიან საინტერესო წამოწყებებია და მინდა მივესალმო იმ ადამიანებს, რომლებიც აქ არიან – ერთი მხრივ ბატონი ელერდაშვილი, რომელიც უკვე დავაჯილდოვეთ სწორედ მისი წამოწყებისთვის. მან შექმნა პირველი მორფოლოგიური, ანალიტიკური ბაზა, რომელიც აუცილებელია, და მოგვცა პირველი ქართულენოვანი Spellcheck-ი და ასევე, მის ირგვლივ შექმნილი ჯგუფი, რომელიც მასთან ერთად ამ თემების ირგვლივაა გაერთიანებული. ასევე, მინდა მივესალმო ბატონ ზაქარია ფურცხვანიძეს ფრანკფურტის უნივერსიტეტიდან, რომელიც ასევე დავაჯილდოვე ღირსების მედლით და ველოდებით, რომ აქ ჩამოსვლისას ამ ჯილდოს გადავცემთ, ყველა ფორმის დაცვით.
განათლების სამინისტრო, რომელსაც ეს ეხება უშუალოდ, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, ეს მისი ფუნქციაა – უნდა იყვნენ ჩართული ამ საქმეში და ასევე ყველა ის ინსტიტუტი, რომელიც ქართულ ენაზე სხვადასხვა კუთხით მუშაობს. ეს იქნება ლექსიკონების შექმნის თუ სხვადასხვა ფორმის კვლევის კუთხით, ეს იქნება ძველი ქართული, თუ თანამედროვე. ამ საქმეში ყველა უნდა იყოს გაერთიანებული, თუ გვინდა, მივაღწიოთ შედეგს – ამ ციფრულ სივრცეში, ქართული ენა ისეთივე დაცული და ისეთივე წარდგენილი უნდა იყოს, როგორც ნებისმიერი სხვა თანამედროვე ენა.
ეს არის მიზანი, ჩვენ მზად ვართ, მაგრამ მე მგონი, პირველ ეტაპზე ჯერ დაიწყოს აზრების გაცვლა არაფორმალურად და ამ ძალიან დიდი საქმის პირველი ეტაპი საპილოტე ფორმით შეიძლება დაიწყოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეხვედრაზე ის შესაძლებლობები განიხილეს, რომლებიც წარმოქმნა ახლად შექმნილმა ვებგვერდმა www. Spellchecker.ge-მ და დასრულების ფაზაში არსებულმა მორფოლოგიურმა ანალიზატორმა. ასევე, იმსჯელეს მორფოლოგიური ანალიზატორის დასრულებისათვის აუცილებელი ღონისძიებების, ისე როგორც ენობრივი ნორმების ნორმალიზაციის პროცესის შესახებ.
ამასთანავე, შეხვედრაზე განისაზღვრა ქართული ენის სრულყოფილი ანალიზატორის შექმნის მიზნით, არსებული გამოცდილებისა და პროგრამის საფუძველზე, ქართული ენის სემანტიკური და სინტაქსური ანალიზატორების შექმნის შესაძლო ვადა, საჭიროებები და სახელმწიფოს მიერ გასაწევი დახმარების მოცულობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მაკა თეთრაძე, ნათია გოგიჩაიშვილი, გვანცა შუბითიძე, თორნიკე გელაშვილი, ვახტანგ ელერდაშვილი, მარინა ბერიძე და თინათინ მარგალიტაძე. ასევე, ზუმის მეშვეობით ჩაერთვნენ – თამარ ფეიქრიშვილი (საქართველო), ნათია მიროტაძე (ავსტრია), ზურა ბარათაშვილი (ავსტრალია) და ზაქარია ფურცხვანიძე (გერმანია).