საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქალაქ ფოთში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2 ქუჩის- რეკვავასა და აკაკის ქუჩების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. მათი საერთო სიგრძე 2.2 კმ-მდეა და ჯამური ღირებულება 3.2 მლნ. ლარს შეადგენს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს 2 ქუჩაზე. რეაბილიტაცია უტარდება ქალაქ ფოთის წმ. გიორგის 1.5 კმ-იან ქუჩას, ღირებულებით 1.6 მლნ. ლარი და ჭავჭავაძის 3.5 კმ-იან ქუჩას, რომლის ღირებულება 2.9 მლნ. ლარამდეა. აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.
„საერთო ჯამში ქ. ფოთში 4 ქუჩაზე სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები. პროექტის რეაბილიტაციის ფარგლებში, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები“ , – ნათქვამია ინფორმაციაში.