თალაკვაძე: გირაოს გადახდა არ უზრუნველყოფს ნიკა მელიას თავისუფლებას

689

“ნიკა მელია არ არის ხელმომწერი მხარე, ის არ გახლავთ იმ უფლებებით აღჭურვილი, რომ გვიკარნახოს პირობები ამ შეთანხმებაში”, – ასე აფასებს გადამდგარი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მზადაა, რომ დათანხმდეს ევროკავშირის გირაოს, ოღონდ არ გამოიცეს 20 ივნისის ამნისტია.

თალაკვაძის თქმით, გირაო მხოლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლებს მელიას.

“რაც შეეხება მელიას დამოკიდებულებას, მე მგონი ელემენტარული იურიდიული განათლებაა საჭირო. ეს უფრო სპეკულაციური კომენტარები იყო, ვიდრე იურისტების კომენტარები. თუმცა ოპოზიციიდან იურისტებმაც გააკეთეს ეს კომენტარები. საზოგადოებას ნუ შეიყვანთ შეცდომაში. სიმართლე გახლავთ შემდეგი, რომ გირაოს გადახდა ცვლის მხოლოდ წინასწარი პატიმრობის მოცემულობას. გირაოს თუ გადაიხდის ნიკა მელია ის დატოვებს წინასწარი პატიმრობიდან დაწესებულებას და მონაწილეობას მიიღებს პოლიტიკურ პროცესში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, გირაოს გადახდა უზრუნველყოფს ნიკა მელიას თავისუფლებას. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ”, – ამბობს თალაკვაძე.

მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” შეეძლო დოკუმენტზე ხელმოწერა და “ცივილიზებული პოლიტიკის კეთება”, მისივე თქმით, “ნიკა მელიას განცხადება მიმართულია იმისკენ, რომ დესტრუქცია მოუწყონ საზოგადოებას”.