სამოქალაქო მოძრაობა ”სამეგრელოს ხმა” ზუგდიდის მერიას უჩივის

602

სამოქალაქო მოძრაობამ “სამეგრელოს ხმა” სარჩელი შეიტანა ზუგდიდის მერიის წინააღმდეგ. საქმე ეხება ენგრუ-ქაღალდ კომბინატში ცემენტის ქარხნის მშენებლობას. მოძრაობის ხელმძღვანელ თენგიზ ჯგუშიას თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გააუქმა შარშანდელი განკარგულება საწარმოს დემონტაჟის, რაც არასწორია. თავის დროზე კი, როგორც განმარტა, მერიას არაფერი მოუმოქმედებია, გარდა 4 ათას ლარიანი ჯარიმისა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

“შარშან უნდა შესულიყო საწარმო ექსპლუატაციაში, და ეს რომ შეჩერებულია, მოსახლეობის დამსახურებაა. მერიას ამ საწარმომ გაუსაჩივრა განკარგულება. მერიამ თავი დაუხარა ყოველგვარი სამართლებრივად არგუმენტირებული მიზეზის გარეშე და გააუქმა განკარგულება დემონტაჟზე. სწორედ ამას ვდავობთ”, – განაცხადა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე თენგიზ ჯგუშიამ.

მისივე თქმით, ჩნდება ლეგუტიმური ეჭვი, რომ ან წინასწარ შეთანხმებულ, კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს საქმე, ან სერიოზულ სამსახურებრივ დანაშაულთან. ის ამბობს, რომ არ ეწინააღმდეგება არც ცემენტის და არც სხვა რაიმე პროდუქციის წარმოებას, მაგრამ არა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზიანებუს ხარჯზე.

“სამეგრელოს ხმის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საკუთარ გუნდთან და იურისტებთან ერთად მუშაობს, და არ გამირიცხავს მომავალში, უკვე კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ, პროკურატურაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის კუთხით საჩივარიც შეიტანონ.

თავის მხრივ, ზუგდიდის მერიის განცხადებით, შპს “კოლხეთ ცემენტის” ფუნქციონირებაზე მათ ნებართვა არ გაუციათ. მეტიც, კომპანია უნებართვო მშენებლობისთვის დააჯარიმეს 4 ათასი ლარით. ამასთან, მოსთხოვეს უკვე აშენებულის დემონტაჟიც.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ადასტურებენ, რომ კომპანიის დირექტორმა ადმინისტრაციული საჩივრით ითხოვა დემონტაჟის განკარგულების და ფულადი სანქციის გაუქმება.

“მერიის ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ, ზედამხედველობის სამსახურის გასაჩივრებული დადგენილება გაუქმდა დემონტაჟის ნაწილში, ხოლო ძალაში დარჩა ჯარიმის ნაწილი. იმისთვის, რომ კომპანიამ განაგრძოს საქმიანობა, საჭიროებს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენას, რომელსაც გასცემდ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო”, – აცხადებენ მერიაში.

თენგიზ ჯგუშიას მტკიცებით, ცემენტის ქარხნის მშენებლობა თავის დროზე უნებართვოდ დაიწყო. თუმცა, შპს “კოლხეთი ცემენტის” წარმომადგენელმა რუბენ გახარიამ “ლაივპრესს” უფრო ადრე უთხრა, რომ ისინი ნებართვის მოლოდინში არიან და ქარხნის მშენებლობა არ დაწყებულა. ის ირწმუნება, რომ რაც ამ ტერიტორიაზე დგას, დროებითი კონსტრუქციაა, რომლის გადატანა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.