ჯანდაცვის მინისტრი: სამედიცინო სექტორი გადატვირთულია, ორშაბათიდან კლინიკებში დამატებით 6000 საწოლი იქნება

506

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ორშაბათიდან კლინიკებში დამატებით 6000 საწოლი იქნება.

როგორც ტიკარაძე აცხადებს, დღეის მდგომარეობით 5500 საწოლია მობილიზებული.

რაც შეეხება ტესტების რაოდენობას, მინისტრის მტკიცებით, ქვეყანაში როგორც PCR-ის, ასევე სწრაფი ტესტების მარაგები არის.

„დღეის მდგომარეობით მკურნალობას გადის 3600-მდე პაციენტი. მობილიზებულია 5500 საწოლი. აქედან გამომდინარე საწოლების დეფიციტს მე თქვენ ვერ დაგიდასტურებთ. რაც შეეხება ტესტირებას, იცით, რომ გამოიყენება როგორც PCR, ასევე სწრაფი ტესტები და ამ მიმართულებითაც არანაირი შეფერხება არ შეინიშნება, ვინაიდან ყოველდღიურ რეჟიმში ვტესტავთ 27-დან 30 ათასამდე ჩვენს მოქალაქეს და ეს პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება. 27 აპრილს ველოდებით კორეიდან დამატებით ტვირთს სწრაფ ტესტებთან მიმართებაში. თავდაპირველად ჩამოვა 1 მილიონის ოდენობის ტესტი, ხოლო შემდეგი ტვირთი ჩამოვა უახლოეს მომავალში ნახევარი მილიონის ოდენობით. დღეს ქვეყანაში არის 400 ათასი PCR ტესტი, რომელიც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ტესტირების ის მოცულობა, რომელსაც დღესდღეობით დაავადებათა კონტროლის ცენტრი ატარებს, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, სრულად იყვნენ ჩვენი მოქალაქეები უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ტიკარაძემ და დასძინა, რომ სამედიცინო სექტორი გადატვირთულია.

„საფრთხეები არსებობს საკმაოდ დიდი. მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო სექტორი გადატვირთულია და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა ზღვარზე მუშაობენ ჩვენი ექიმები უკვე წელიწადზე მეტია. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია მათი რესურსის გაფრთხილება. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს საწოლფონდის სრული მობილიზება, რომ ჩვენ გვქონდეს იმ საწოლფონდის სრული ოდენობა, რომელიც გვქონდა მეორე ტალღის პიკურ მაჩვენებელში. ასევე მიმდინარეობს როგორც ჟანგბადის მოცულობების სრული მობილიზაცია, ასევე მედიკამენტების. სექტორში ამ მხრივ სრული მზაობაა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ იმის ჩანაცვლება და გადატვირთვა, რაც ჩვენს ექიმებს დღესდღეობით აქვთ, სახელმწიფოს ძალიან გაუჭირდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ორშაბათს დაგეგმილი ვაქცინაციის საბჭოს ფორმატში სპეციალისტები იმ ჯგუფებთან მიმართებაში იმსჯელებენ, ვინც პროცესში ჩაერთვება.

„ჩვენ მივყვებით იმ კალენდარს, რომელიც დამტკიცებული და შეთანხმებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. ორშაბათს ვაქცინაციის საბჭო დამატებით შეიკრიბება და იმსჯელებს იმ ჯგუფებთან მიმართებაში, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან. ამ ეტაპისთვის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ 13 წლის მოქალაქეებიც ჩაერთონ ვაქცინაციაში, მიღებული არ არის. შესაბამისად, ამას ვერ დავადასტურებ, რადგან ეს გადაწყვეტილებები ყველა მიიღება საბჭოს ფორმატში ექსპერტების ჩართულობით“, – განაცხადა ტიკარაძემ.