გაბუნია: სააღდგომო დღესასწაულამდე დავაკვირდებით ეპიდვითარებას, შესაძლოა, დამატებითი შეზღუდვების დაწესების საკითხი დადგეს

323

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით დამატებით რაიმე სახის შეზღუდვა არ იგეგმება.

მისივე თქმით, დაახლოებით ათი დღის განმავლობაში დააკვირდებიან ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას, რის შემდეგაც, შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვების დაწესების საკითხი დადგეს.

„ჯერჯერობით რაიმე გადაწყვეტილება რომელიმე სახის აკრძალვაზე არ არის. თუმცა, სააღდგომო დღესასწაულამდე თითქმის ათი დღეა. ეს პერიოდი ხშირ შემთხვევაში, ცვლის ეპიდემიურ სურათს. ასე რომ, უნდა ვნახოთ, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები. შესაძლოა, დამატებითი  შეზღუდვების დაწესების საკითხი დადგეს. რა თქმა უნდა, ამას ვერ გამოვრცხავთ. ის წესები, რაც აქამდეც არაერთხელ გავიარეთ საპატრიარქოსთან ერთად და რაც ზოგადად, ეპიდემიურად უსაფრთხო გარემოს ქმნის რელიგიური მსახურების პროცესში, ყველასთვის ცნობილია. ბუნებრივია, სააღდგომო დღესასწაულზეც ამ წესების დაცვა მნიშვნელოვნად მიგვაჩნია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კითხვაზე: „იქნება თუ არა გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვა ძალაში აღდგომის დღესასწაულზე“, გაბუნიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე დასახელებული შეზღუდვის შემსუბუქება არ იგეგმება.

„დღევანდელი მდგომარეობით, ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა არა იგეგმება. დადებითობის მაჩვენებელი იზრდება და რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ჩვენ დაგვჭირდეს, გადავხედოთ ჩვენს ხელთ არსებული შეზღუდვების განხორციელების გარკვეულ შესაძლებლობას. თუმცა, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა, სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა ტიპის შეზღუდვაზე იყოს საუბარი, განვსაზღვრავთ სიტუაციური ანალიზიდან გამომდინარე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.