22 აპრილს სტეფანწმინდის კულტურის სახლში დაბა სტეფანწმინდისა და გერგეტის განაშენიანების გეგმის განხილვა გაიმართება

732

მიმდინარე წლის 22 აპრილს 14 საათზე, დაბა სტეფანწმინდის კულტურის სახლში გაიმართება შეხვედრა დაბა სტეფანწმინდისა და გერგეტის განაშენიანების გეგმის დოკუმენტაციის ავტორებთან და იმ კომპანიებისა და სამსახურების წარმომადგენლებთან, რომელნიც ჩართულნი არიან განაშენიანების გეგმის შემუშავების პროცესში. ინფორმაციას ყაზბეგის მერია ავრცელებს.

შეხვედრის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობა და ყველა დაინტერესებული მხარე აქტიურად ჩაერთოს დოკუმენტის დეტალურად განხილვაში, რათა ყველა საკვანძო საკითხი შეჯერდეს მოსახლეობასთან.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის (UჭშჩG)“ დაკვეთით, გის და დზ საკონსულტაციო ცენტრი “გეოგრაფიკი” ამუშავებს დაბა სტეფანწმინდისა და გერგეტის განაშენიანების გეგმის დოკუმენტაციას.

ამ ეტაპზე დაგეგმილია განაშენიანების გეგმის კონცეფციის განხილვა და შემდგომ დამტკიცება.

ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის (განაშენიანების გეგმის) შემუშავება აუცილებელია, რათა განისაზღვროს დასახლებული ტერიტორიის გამოყენების და განაშენიანების ძირითადი პარამეტრების, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სივრცით-ტერიტორიული პირობები, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცითი ასპექტები და განსახლების ტერიტორიული საკითხები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მობრძანდეთ და დაესწროთ აღნიშნულ შეხვედრას.