თამარ გაბუნია: შემთხვევების აგრესიული მატების შემთხვევაში, შეიძლება ლოკალური შეზღუდვების საკითხი დადგეს

305

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის “აგრესიული” მატების შემთხვევაში, წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება დღის წესრიგში კვლავ დადგება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო მხოლოდ ერთი დღის დადებითობის მაჩვენებლებით არ ხელმძღვანელობს და გადაწყვეტილებას უფრო ვრცელ პერიოდზე დაკვირვების შედეგად იღებს.

„2 კვირის მანძილზე ვაკვირდებით ამ მაჩვენებელს, რომელიც ბოლო პერიოდში 4%-ს უახლოვდება და ამ ნიშნულის შემდეგ უფრო მეტად აქტიური ქმედებების საჭიროება იგეგმებოდა.

მთავარი მაინც ის პრევენციული ღონისძიებებია, რომელიც გვაქვს, საბჭო მსჯელობს ბიზნეს გარემოში იმ შეზღუდვების აღსრულებაზე, რაც უკვე დაწესებულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური ღონისძიებების რეგულირებაზე, სხვა დამატებით შეზღუდვების დანერგვაზე საუბარი ჯერ არ არის.

მობილობის შეზღუდვა ჩვენთვის მთავარი ბერკეტია, თუ შემთხვევების აგრესიული მატება იქნება, შესაძლოა ისევ დადგეს საკითხი გარკვეული ადგილობრივი ლოკალური შეზღუდვებისა, რაც აქამდეც ასე იყო, თუმცა ფართომასშტაბიან ლოკდაუნზე საუბარი არ არის“, – განმარტა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ სატრანსპორტო შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.