მთაწმინდის რაიონში, კოჯორში, იუნკერთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყო

441

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, კოჯორში, იუნკერთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორია შემოისაზღვრება დამცავი ბარიერით, განხორციელდება გამწვანების მასშტაბური სამუშაოები, მოეწყობა განათებისა და სარწყავი სისტემები. ასევე, დაიდგმება საპარკე სკამები და ურნები, ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება.

მიმდინარე სამუშაო პროცესს, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის განხორციელება, რადგან ტერიტორია ისტორიული მნიშვნელობისაა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სრულად მოწესრიგდება მემორიალის მიმდებარე ტერიტორია. ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანის ვალია, გავიხსენოთ ეს ღირსეული ადამიანები. ყოველწლიურად ამოვიდეთ აქ, ამ ადგილას, სადაც ისინი იბრძოდნენ და მათ პატივი მივაგოთ“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

სამუშაოებისთვის, მთაწმინდის რაიონის გამგების ბიუჯეტიდან 200 000 ლარია გამოყოფილი.