სუს-ის ანგარიშში გამყოფ ხაზთან ცხინვალის რეგიონის მიმართულებით დაკავების 64, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმხართულებით 13 ფაქტი მოხვდა

812

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, გასული წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონო დაკავების – 64, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 13 შემთხვევა იდენტიფიცირდა.

“საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ხანგრძლივი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა აღნიშნოს უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისა და ირაკლი ბებუას საკითხი. აღნიშნული პირების მიმართ საოკუპაციო რეჟიმმა გამოიყენა განსაკუთრებით უსამართლო და არაჰუმანური მიდგომა და მათ მრავალწლიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში რჩებიან გენადი ბესტაევი და ლაშა ხეთერელი. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა საქართველოს ათეულობით მოქალაქე… განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ხვიჩა მღებრიშვილის ე.წ. აბსურდული ბრალდებით დაკავების შემთხვევა, რომელის, საოკუპაციო რეჟიმმა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მადისკრედიტირებელი  დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენა”, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.