მმართველი გუნდი მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ მზად არის ხელი მოაწეროს ახალ შეთანხებას, თვითმმართველობის არჩევნებში ნდობის 43%-მდე გაზრდის მაჩვენებლით.
„ჩვენ გამოვხატეთ პრინციპული მზადყოფნა ევროკავშირის და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით წარდგენილი, განახლებული დოკუმენტის ხელმოსაწერად. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 40%-იანი ნდობის პრინციპი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით შეთანხმდა 8 მარტის შეთანხებით და ასახულია კონსტიტუციაში, კანონმდებლობაში და სხვა პროცენტულ მაჩვენებელს არ აქვს ლოგიკური ან სამართლებრივი საფუძველი, დღეს, პარტიის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაში ვთქვით და განვიხილეთ თვითმმართველობის არჩევნებში ნდობის 40%-იანი ზღვრის გაზრდა 43%-მდე. „ქართული ოცნება” მზად არის შეთანხმებას ხელი მოაწეროს ამ მაჩვენებლით“, – წერია განცხადებაში.
მანამდე „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.
დოკუმენტის თანახმად, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.
ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, “ქართული ოცნების” 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება” მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.